ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში 2.200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით ყოველდღიურად ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ.

სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ  და ოფთალმოლოგიურ  მედიკამენტებზე.

ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტზე, როგორც სარეცეპტო, ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

“ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ყალიბდება, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი. სტრატეგიის ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას.

მოხარულები ვართ, რომ ფარმადეპოსთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და დღეს ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს.

ლიბერთი 2022 წელსაც განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას”, – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

“გულწრფელად გვიხარია, რომ სოციალური პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვახორციელებთ ლიბერთი ბანკთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს ფასდაკლებით ფარმადეპოში წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე – როგორც ქრონიკულად მისაღებ, ასევე, სიმპტომურად სამკურნალო წამლებზე”, – განაცხადა ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა.