კუჭმაჭის რეცეპტი ნინო ნადირაძისგან – ,,ისეთი გემრიელი გამოდის, მსგავსი არსად გამისინჯავს, უკიდეგანოდ მიყვარს”

კუჭმაჭის რეცეპტი ნინო ნადირაძისგან - ,,ისეთი გემრიელი გამოდის, მსგავსი არსად გამისინჯავს, უკიდეგანოდ მიყვარს",,სარკე”

ექიმმა ნინო ნადირაძემ ,,სარკის” მკითხველს უგემრიელესი კუჭმაჭი ასწავლა, რომელსაც განსხვავებულად ამზადებს.

ნინო ნადირაძე: რომელი ინგრედიენტი რამდენი მილიგრამი უნდა, ამას ვერ გეტყვით, რადგან ყველაფერს თვალის ზომით ვიღებ. ყველა ირევა ჩემს  გაკეთებულ კუჭმაჭზე, ამიტომ ბევრს ვამზადებ. მე ცივი უფრო მიყვარს, ვიდრე ცხელი.

გოჭის კარგ გულ-ღვიძლს ვარჩევ, საღი, ახალი უნდა იყოს. ცოტა ხანს ძმრიან წყალში ვალბობ და კარგად ვრეცხავ. თუ ქათმის კუჭმაჭს ვაკეთებ, კუჭებს ვყრი, არ მიყვარს მისი გემო. ყველაფერს გულდასმით უნდა დასუფთავება.თუ არ ვიცი, რომ დიასახლისი სუფთაა, იქ კუჭმაჭს ვერც ვჭამ. ფილტვებს, თირკმლებს დამუშავების თავისებური წესი აქვს.

ხარშვას რომ დავიწყებ, რა თქმა უნდა, ქაფს ვხდი, რომ ჭუჭყიან წყალში არ იხარშოს. ჯამში რომ გადმოვიღებ, ვაყრი მარილს, ქონდარს, ვაჭყლეტ ნიორს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრას. ცალკე ვამზადებ ნიგვზის მასას: წვრილად ვჭრი ერთ თავ ხახვს, ვამატებ ხმელ ქინძს, ყვითელ ყვავილს და ბევრ გატარებულ ნიორს. მაგალითად, კილოგრამზე ერთი თავი ნიორი სჭირდება, ვაყრი კარგად გატარებულ ნიგოზს, რომელსაც გოჭის კუჭმაჭის ბულიონსაც ვასხამ და ბლენდერში ვატარებ, რომ მასა თხელი გამოვიდეს.

დავასხმ დაჭრილ კუჭმაჭს,კარგად ვურევ, ვუმატებ ძმარს, გემოვნებით წითელ წიწაკას და ბლომად ბროწეულის მარცვლებს. თუ თხელი მასა გამოვა, არ შეგეშინდეთ, რადგან მაცივარში წვენს შეიწოვს. ძალიან ჰაეროვანი და ისეთი გემრიელი გამოდის, რომ მსგავსი არსად გამისინჯავს. უკიდეგანოდ მიყვარს და ამიტომ მთელ გულსა და სულს ვაქსოვ მასში.