ღვინოში მოხარშული ხორცი – მაკა ზამბახიძის ჩაქაფულის რეცეპტი

ღვინოში მოხარშული ხორცი -  მაკა ზამბახიძის ჩაქაფულის რეცეპტი,,სარკე”

მომღერალი მაკა ზამბახიძე კერძების კეთებას 19 წლის ასაკში შეეჭიდა და პირველად, არც მეტი და არც ნაკლები, ჩაქაფული მოამზადა. მართალია, ქართული სუფრის ეს მშვენება უფრო საგაზაფხულო კერძია, როცა ალუჩა და ტყემალი შემოდის, მაგრამ მაკა მას ტყემლის წვენითაც ამზადებს. ჩაქაფულის რეცეპტი მან ,,სარკის” მკითხველს გაუზიარა:

– ავიღოთ 2 კილო ძვლიანი ხბოს ხორცი, დავჭრათ ყველანაირი მწვანილი. რაოდენობა გემოვნების მიხედვით განსაზღვრეთ. მე, მაგალითად, 7-8 კონა ტარხუნას ვუშვრები. ხორცს და მწვანილს ფენა-ფენა რომ ჩავაწყობ ქვაბში, შემდეგ 10-10 ცალ ალუჩას და ტყემალს ვაყრი. შეგიძლიათ მზა ტყემლის წვენიც გაუკეთოთ. ვაყრი 5 კბილ დაჭრილ ნიორს, მარილს გემოვნებით და ვხარშავ თეთრ ღვინოში.

წყლის ნაცვლად ღვინოს ასხამთ?

– კი და ძალიან პიკანტური გემო აქვს.

დღესასწაულებზე თქვენი ,,საფირმო” კერძი რა არის?

– სალათა, რომელიც ჩემი ექსპერიმენტის შედეგია. ავიღოთ ორი კონა სალათის ფურცელი, კარგად გავრეცხოთ და ხელით დავანაწევროთ. ასევე კარგად გავრეცხოთ ერთი კონა მწვანე ხახვი და დავჭრათ.

ქათმის ფილეს მოზრდილი ნაჭერი მოვხარშოთ, დავჭრათ კუბიკებად. მოვხარშოთ ცოტა ბროკოლი და ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ. ბოლოს მოვასხათ ძმარი, გემოვნებით ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. თუ გნებავთ, ზეითუნის ზეთის ნაცვლად მაიონეზი უქენით.