ემიგრანტის წერილი გარდაცვლილ მამებს: ,,ვის უტოვებთ თქვენს გოგოებს, სად მიდიხართ, სად?!”

ემიგრანტის წერილი გარდაცვლილ მამებს: ,,ვის უტოვებთ თქვენს გოგოებს, სად მიდიხართ, სად?!"იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლელა ხოტივარი ძალიან ემოციურ წერილს წერს მამებზე, რომლებმაც უდროოდ დატოვეს თავიანთი გოგონები.

„ახლა გეკითხებით და მიპასუხეთ: რომ მიდიხართ, სად მიდიხართ, მამებო? სად მიეხეტებით? ვის უტოვებთ თქვენს გოგოებს, უმამოდ. ბიჭები, კიდე ჰო, კაცები არიან, ადრიანად დაკაცებულები და ისე არ ემჩნევათ უმამობა. გოგოები კი ბაბუაწვერებს ემსგავსებიან და ქარის შიში აქვთ.

სად მიდიხართ, სად? ადვილია ეგრე. აა, ამ ცხოვრებას ვერ გაუგეთ… გაგიძნელდათ სიცოცხლე… რას მელაპარაკებით. მით უმეტეს, დატოვეთ აქ პატარა გულწითელა ჩიტები, ყოველი გაწვიმებისას ჭექა-ქუხილზე გული რომ უსკდებათ. ქარი კიდე ხან სად წაიღებს, ხან სად და პაწია ნისკარტებით სველ ტოტებს ებღაუჭებიან. თქვენ კი დაიხურეთ ქუდი და წახვედით, თქვე არასწორებო. აზრზე არა ხართ, როგორ სჭირდებით თქვენს კიკინებიან მოპეპო გოგოებს. აზრზე არა ხართ. სად მიგეჩქარებათ, რომ მიგეჩქარებათ? დატოვეთ აქ გაციებული მზეები… ჩამქრალი ციცინათელები და მარტო სიზმრებად თუ იკადრებთ და მოხვალთ. დიდი მადლობა ამისთვისაც.

თქვენ კიდე, პატარა მამებო, ის პატარა გოგოები მოუთმენლად გელოდებიან, ვისი წყალობითაც ხვალ თუ ზეგ მამები გახდებით. გელოდებიან და უყვარხართ დაბადებამდეც.“

ექსკლუზივი ტვ