სოფო ბარდაველიძე: ,,ბავშვის დასაკრძალად 10 მანეთიც გამოართვეს და შვილიც გაუყიდეს”

სოფო ბარდაველიძე: ,,ბავშვის დასაკრძალად 10 მანეთიც გამოართვეს და შვილიც გაუყიდეს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ფეისბუქჯგუფის ,,ვეძებ” მეშვეობით კიდევ ერთმა დედა-შვილმა იპოვა ერთმანეთი. ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალს სამშობიაროში უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, გოგონა კი გააშვილეს. ეს ამბავი რომ ნამდვილია და ქუთაისის სამშობიაროში 1986 წელს მომუშავე მედპერსონალი შემზარავ დანაშაულს სჩადიოდა, დნმ-ის ტესტმა დაადასტურა.

,,ერთ ძმას ვეძებდი, ორი ვიპოვე. ოჯახზე ვოცნებობდი და უზარმაზარი ოჯახი ვიპოვე – დედა, მამა, ორი ძმა, ძმისშვილები, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილები, ბიძები, დეიდები და, რაც მთავარია, ძმის ცოლი, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გადავუხდით სიკეთეს. ვერასოდეს ვიპოვიდი, რომ არა მისი პოსტი…” – ეს ამბავი მარიამმა ჯგუფში დნმ-ის პასუხის მიღების შემდეგ დაწერა. მისმა რძალმა, სოფო ბარდაველიძემ კი ,,სარკეს” ამ შემზარავ დანაშაულზე  მოუყვა:

– ჩემი ქმრის და ოჯახს გარდაცვლილი ეგონა. ჩემს დედამთილს ძალიან მძიმე მშობიარობა ჰქონია, სისხლდენა დაწყებია და ცუდად გამხდარა. ორი დღე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი კარგად იყო. მესამე დღეს უთქვამთ, დაიღუპაო… ჩემი ქმრის ბებიის დამ გაიხსენა, სამშობიაროში ცხედარი რომ მოვითხოვეთ,  გვითხრეს, არ შეიძლება ცხედრის გატანება, ჩვენ უნდა დავკრძალოთო. რაღაც შემოღობილი დაგვანახეს, აქ იკრძალებიან ეს ბავშვებიო და ამათაც დაუჯერებიათ. 10 მანეთიც გამოურთმევიათ დასაკრძალად და ცარიელ-ტარიელი გამოუშვიათ სახლში. იმდენად ცუდად ყოფილა ჩემი დედამთილი, მხოლოდ იმაზე ფიქროდნენ, რომ ის გადარჩენილიყო…

იუსტიციიდან მივიღეთ საბუთი, სადაც გარდაცვალების თარიღად 29 აგვისტოა მითითებული, სამშობიაროში კი 31 უთხრეს. გვითხრეს, სახელი თუ არ ჰქონდა ბავშვს მინიჭებული, ფიზიკურად ვერ გაატარებდნენ გარდაცვლილადო და ოჯახს სახელი არ დაურქმევია.ბავშვისთვის სახელი კლინიკას ჰქონდა მინიჭებული და გატარებული იყო, როგორც ნორა ამბროლაძე…

ვნერვიულობდი, სანამ დნმ-ის პასუხი მოვიდა.ზოგი ნათესავი მეუბნებოდა, ამ მოხუცებს რომ რამე დაემართოთ ამ ემოციის ფონზე, შენი ბრალი იქნებაო. ტესტის პასუხი დაგვიანებით მივიღეთ და მამამთილი ნერვიულობდა, არ დავიღუპოთ, ტესტის პასუხი ვინმემ არ შეგვიცვალოსო.

-სად ცხოვრობთ?

– ქუთაისთან ახლოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გოდოკანში. მარიამი კი თბილისში იყო გაშვილებული….

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”