სკანდალი: ,,რადგან ხელისუფლება ასე ბინძურად მებრძვის, ვიტყვი, რატომ დამიბარეს სუს-ში და რატომ მისცეს ჩემს მეუღლეს ეს სამსახური”

სკანდალი: ,,რადგან ხელისუფლება ასე ბინძურად მებრძვის, ვიტყვი, რატომ დამიბარეს სუს-ში და რატომ მისცეს ჩემს მეუღლეს ეს სამსახური''თამუნა იარაჯული, რომელსაც გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდის მცდელობა ჰქონდა, წერს, რომ შიმშილობას დაიწყებს, რადგან მისი ოჯახის წინააღმდეგ ბინძური ჭორების გავრცელება დაიწყეს და ასახელებს ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის სტატუსს, სადაც წერია:
,,მისი 12 წლის შვილი ყოველთვიურად იღებს შესაბამის ფინანსურ დახმარებას შეუფერხებლად. ამასთანავე, არასრულწლოვანი ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრებით მომსახურების არაერთ პროგრამაში. ამ დროის მონაცემებით ჩართულია ბინაზე მოვლის პროგრამაში და სარგებლობს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებით. ეს ქალბატონო სახელმწიფოსგან ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფილია, ასევე სოლიდური შემოსავალი აქვს მის ქმარს”.
თამუნა იარაჯული მთავარ პროკურატურას მიმართავს, რომ გამოიძიონ, საიდან აქვს ექსპერტს მისი არასრულწლოვანი შვილის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია.
,,ჩემი შვილის შესახებ ვინ აძლევს ნიკოლეიშვილს ინფორმაციას და რა დაფინანსება აქვს, გარდა ქცევის თერაპიისა? გადაწყვიტეთ, მომკლათ და მიიღებენ ჩემს გვამს, ოღონდ ჯერ დავამტკიცებ სიმართლეს! მაიძულეს პროტესტის გაგრძელბა ბიძინას სახლ-მუზეუმთან… ბიძინა ივანიშვილის სახლთან უნდა მოკვდეს ვინმე, ესაა გამოსავალი და ეს ვინმე ვიქნები მე”, – წერს სამი შვილის დედა.
ერთ-ერთ ვიდეოში კი სკანდალურ ამბავს ყვება, რომ ის სუს-ის შენობაში დაიბარეს და უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო.
-რადგან ეს ხელისუფლება ასე ბინძურად მებრძვის, ვიტყვი, ეს სამსახური რატომ მისცეს ჩემს მეუღლეს. ეს სამსახური თვითონ ხელისუფლებამ გაუკეთა იმის შემდეგ, რაც მიმიყვანეს სუს-ის შენობაში და მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი. ოღონდ ეს სამსახური ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რადგან შესაბამისი განათლება აქვს. მთლიანი ხელფასი, რაც ერიცხება, მიდის იპოთეკურ სესხში…
ეგონათ, შვილის, ოჯახის კეთილდღეობით გამაჩუმებდნენ და სხვას არ მივხედავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად! ნინო გიორგობიანმა, ნინო ჯღაკარავამ, ვახო გომელაურმა უნდა აგონ პასუხი იმისთვის, რომ მიმიყვანეს სუს-ში და მაშანტაჟებდნენ, _ ყვება თამუნა იარაჯული.
იქვე აღნიშნავს, რომ მას არასოდეს აუღია გრანტი და ამის მტკიცებულებებიც აქვს. ასევე ამბობს, რომ მას აქვს მიმოწერები, როგორ ემუქრებოდნენ ოჯახით და სხვა ინფორმაციებსაც ფლობს, რომლებზეც საჯაროდ ისაუბრებს.