საქონლის ხორცი კვაწარახით, ქათამი ჩინურად, ღვიძლი არაჟნით – ცისანა სეფიაშვილის პიკანტური კერძების რეცეპტები

საქონლის ხორცი კვაწარახით, ქათამი ჩინურად, ღვიძლი არაჟნით - ცისანა სეფიაშვილის პიკანტური კერძების რეცეპტები,,სარკე”

კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილი, მომღერალი ცისანა სეფიაშვილი  ტრადიციულ ქართულ საჭმელებსაც აკეთებს და კერძების გამოგონებაც უყვარს. ,,სარკეს” რამდენიმე რეცეპტი გაუმხილა:

– აიღეთ საქონლის ან ქათმის ღვიძლი, ტაფაზე დაყარეთ და წყალი დაასხით. კარგად რომ წამოდუღდება, საწურზე გადმოიღეთ და კარგად გარეცხეთ. მერე დაასხით ერთი ცალი ლიმონის წვენი. 2 შეკვრა ღვიძლს სჭირდება 2 მოზრდილი თავი ხახვი, რომელსაც ალყა-ალყა დაჭრით. დაამატებთ ბლომად არაჟანს და მოშუშავთ. ბოლოს სულუგუნს ჩაახეხავთ, რომ კარგად ჩაადნეს. გარნირი თავად შეურჩიეთ.

– ადვილი არ იქნება ისეთი კერძის შერჩევა, რომელიც ოთხივე შვილს მოეწონება.

– ერთადერთი, რაშიც ყველას გემოვნება ემთხვევა, ეს არის ჩინური კერძი – ქათამი ბროკოლით. ქათმის ფილე კუბიკებად დავჭრათ. ფილეს რამდენიმე საათით ვაბასტურმებ სოიასა და ლიმონის წვენში, ვუშვრები შავ პილპილს, ქონდარს (თვალის ზომით). ეს ყველაფერი ხორცს არბილებს და არომატს აძლევს.

ხორცს ტაფაზე მანამ ვშუშავ ზეთში, სანამ კარგად დაიბრაწება, შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგამ. მეორე ტაფაზე ზეთში ვწვავ 4 ცალ ყაბაყს, 1 პატარა თავ ბროკოლს და 4-4 ცალ წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას. ბოსტნეული მიმყავს შეწვამდე, მაგრამ მშრალი არ უნდა იყოს. ეს არის ქათმის ხორცის გარნირი.

შეგიძლიათ მეორენაირი გარნირიც გაუკეთოთ: მოხარშეთ ბრინჯი. შემდეგ ზეთში მოშუშეთ ხახვი, გახეხილი სტაფილო. მერე მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მოხარშული კვერცხი (მათი რაოდენობაც თავად განსაზღვრეთ). ბოლოს დააყარეთ ბრინჯი, პილპილი, მარილი, მოასხით სოიას სოუსი და აურიეთ.

– მეგრელი ბებიისგან ღომის ან მეგრული ხარჩოს მომზადება არ ისწავლეთ?

– ღომს არ ვაკეთებ, სამაგიეროდ ვამზადებ ძალიან პიკანტურ კერძს – საქონლის ხორცს კვაწარახით.

1 კილო ძვლიან მოხარშულ ხორცს ცხიმში (თავად განსაზღვრეთ, რომელ ცხიმს აირჩევთ) ვშუშავ კვაწარახთან და მოხარშულ ბრინჯთან ერთად, ვუმატებ თითო-თითო კონა დაჭრილ ნიახურსა და ქინძს. უგემრიელესი გამოდის. ბრინჯის და კვაწარახის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. ამ კერძს მომჟავო გემო აქვს, რაც მე ძალიან მომწონს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”