ნანა ლორთქიფანიძე: ,,ჩემი პირველი ქმარი გარდაცვლილია, დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ”

ნანა ლორთქიფანიძე: ,,ჩემი პირველი ქმარი გარდაცვლილია, დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

თეატრისა და კინოს მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამ პანდემიის ჟამს განსაკუთრებით ხანდაზმული დედის, მსახიობ ქეთევან კიკნაძის, ჯანმრთელობას უფრთხილდება. ენატრება უკოვიდო ცხოვრება, მეგობრებთან მისვლა-მოსვლა, შვილიშვილების ჩახუტება. და მაინც, თვლის, რომ აქვს მიზეზი, ბედნიერი იყოს და ამის შესახებ ,,სარკეს” ესაუბრება.

– პირველად ადრეულ ასაკში გათხოვდით, ბოლოს კი- საკმაოდ დაღვინებულ ასაკში, მაგრამ არც ერთი ქორწინება ბოლომდე არ შედგა. ორ მეუღლესთან პროფესიაც გაკავშირებდათ, ისინიც მსახიობები არიან, ზაზა პაპუაშვილი და მიშა გომიაშვილი. ეს ხომ არ იყო ხელისშემშლელი ფაქტორი ოჯახურ ცხოვრებაში?

– არასდროს ჩამითვლია, რომ ორი მსახიობის თანაცხოვრება შეუძლებელია. პირიქით, როცა საერთო ინტერესები გაქვთ, უფრო უნდა გაუგოთ ერთმანეთს. ამ ურთიერთობების დასრულებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა.

ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ქალის ტვირთი საერთოდ მძიმე სატარებელია და უმეტესობა ჩვენი სქესისა ამ ტვირთს სხვადასხვანაირად ატარებს. ცუდი იყო თუ კარგი, ეს ჩემი ცხოვრება იყო, არაფერს ვნანობ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

– მშვენიერი ქალბატონი ასაკის მატებას როგორ ეგუებით?

– როგორც უნდა მოვინდომო და რაც უნდა გავიკეთო, ჯულიეტას და დეზდემონას როლს აღარავინ მათამაშებს, ხოლო იმ როლებით, რასაც ვასრულებ – დედის, ბებიის, ძალიან კმაყოფილი ვარ და მომწონს. მთლად იმ ასაკშიც არ ვარ, სიბერე კართან მყავდეს ჩასაფრებული და მეშინოდეს. გულახდილად გეტყვით, მიფიქრია პლასტიკურ ოპერაციებზე, სხვადასხვა პროცედურებზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. მთავარია შინაგანი განწყობა, ახლობელი ადამიანების სიყვარული და სითბო. ბედნიერი ქალი ვარ, რადგან მყავს დედა, დები, გვაქვს დიდი ოჯახი. ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილები ჯანმრთელად არიან. ასე რომ, ახლა ჩემს ცხოვრებაში სულ სხვანაირი ბედნიერებაა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”