იაგო ფრანგიშვილი: ,,ჩემი ცოლი გერმანელია, 18 წლის ბიჭი მყავს”

იაგო ფრანგიშვილი: ,,ჩემი ცოლი გერმანელია, 18 წლის ბიჭი მყავს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ექიმი იაგო ფრანგიშვილი 20 წელზე მეტია, გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორიდან არასოდეს უყურებს, ყოველთვის ჩართულია და საკუთარ აზრსაც თამამად გამოთქვამს. ბატონი იაგო ,,სარკეს” თავის ცხოვრებასა და კარიერაზე ესაუბრა:

სამტრედიაში გავიზარდე. სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში დავამთავრე და კარდიოლოგიის ინსტიტუტში გავიარე კლინიკური ორდინატურა. მაშინ დაძაბული წლები იყო, უშუქობა, უყველაფრობა და კარდიოლოგიის ინსტიტუტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. იძულებული გავხდი, სამედიცინო საქმიანობა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა.

გერმანიაში გავაგზავნე ჩემი საბუთები და მომცეს ათი სემესტრის აღიარება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი წელი იქ უნდა მესწავლა. კლინიკაში გავატარე ის ერთი წელი და 1998 წლიდან ვარ გერმანიაში ექიმი – შინაგან სნეულებათა და ზოგადი ექიმი. ყველა სფერო მეხება, გარდა გინეკოლოგიისა.

შევირთე გერმანელი ქალი ცოლად და 18 წლის ბიჭი მყავს. ჩემს შვილს მედიცინასთან კავშირი არ აქვს. ახლა უნდა, საქართველოში ბაიკერების სასტუმრო გააკეთოს. მოტოციკლეტი უყვარს ძალიან და ტურიზმს სწავლობს.

მე, უკვე 6 წელია, რაც ოჯახის ექიმი ვარ. ამავე დროს კლინიკაში ვმორიგეობ კონსულტანტის რანგში. თუ რაიმე პრობლემა შეექმნათ, მიკავშირდებიან და მორიგე ექიმს ვაძლევ მითითებას.

ამჟამად დამატებით გავდივარ დახელოვნებას. გამოცდილ ინფექციოლოგთან ერთად მყავს ათასობით პაციენტი, რომლებსაც აქვთ ცე ჰეპატიტი, შიდს-ი და ა.შ. რამდენიმე თვეა, კოვიდგადატანილ პაციენტებსაც ვმკურნალობ.

რაც ვაქცინაცია დაიწყო, მე, პირადად, 2 000-ზე მეტი აცრა გავაკეთე უკვე. ყველა ვაქცინას ვიყენებთ, ჩინურის გარდა. ჩინური ვაქცინა გერმანიაში დაშვებული არ არის, მაგრამ ვისაც ეს ვაქცინა აქვს გაკეთებული, აქაც აცრილად თვლიან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”