ია სუხიტაშვილის ბადრიჯანი სოკოსებურად, ქათმის საფირმო სალათი და ,,მადამ ბოვარი”

ია სუხიტაშვილის ბადრიჯანი სოკოსებურად, ქათმის საფირმო სალათი და ,,მადამ ბოვარი",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

მოგეხსენებათ, ბადრიჯანი, რომელიც ძალიან სასარგებლოა პროდუქტია, ბევრ ბავშვს არ უყვარს. მსახიობ ია სუხიტაშვილის მამის რეცეპტით კი ამ კერძთან ბევრ პატარას მიიტყუებთ. ია ,,სარკეს” უყვება:

– მამამ მასწავლა ბადრიჯნის კეთება, რომელსაც საერთოდ ვერ გაარჩევ, სოკოა თუ ბადრიჯანი. ბავშვობაში ბადრიჯანი არ მიყვარდა და მამამ გადაწყვიტა, შეეყვარებინა. მომიმზადა და ვჭამე, როგორც სოკო. ბოლოს მითხრა, ახლა შენ ბადრიჯანი ჭამეო.

მისი მომზადება მარტივია და მისი რეცეპტის ჩაწერა მეუხერხულება. მოკლედ, გავაცლით კანს. რაც უფრო წვრილად დაჭრით, მით მეტად გემრიელი გამოდის. დაყრით ზეთიან ტაფაზე და ცოტა კარაქსაც უზამთ. ბადრიჯანს ყველანაირი ქართული სუნელით შეაზავებთ, მერე ერთ კონა მწვანე ხახვს დააჭრით. მარილსა და შავ პილპილს გემოვნებით მოაყრით. კარგად რომ მოიშუშა, მოაყრით წვრილად დაჭრილ ერთ კონა ქინძს და 5-10 წუთში გაზქურიდან გადმოდგამთ. ნამდვილად ვერ მიხვდებით, რომ ბადრიჯანს ჭამთ, სოკო გეგონებათ.

– კიდევ რა გამოგდით გემრიელი?

– აიღეთ 3-4 მოზრდილი ქათმის ფილე და შეწვით ზეთში. რომ გაცივდება, ხელით დაანაწევრეთ, 2 ცალი კიტრი გათალეთ და დაჭერით წვრილად. ასევე საჭიროა წვრილად დაჭრილი ერთი კონა კამა და ნახევარი კონა ოხრახუში. 200 გრამი მაიონეზი და 200 გრამი არაჟანი ერთმანეთში აურიეთ და მოასხით. ბოლოს უქენით მარილი და შავი პილპილი. ეს არის ჩემი საფირმო სალათი.

ჩემი ,,მადამ ბოვარიც” ძალიან მარტივად კეთდება. აიღეთ 5 მოზრდილი კარტოფილი, დაჭერით მრგვალად – ორ-სამ ნაწილად და ორივე მხარეს შეწვით ზეთში. 3 მოზრდილი ქათმის ფილე ოვალურ ფორმებად დაჭერით და ისიც ზეთიან ტაფაზე ორივე მხარეს შეწვით. მერე ლანგარზე ჯერ კარტოფილი დაალაგეთ, ზემოდან შემოაწყვეთ ქათმის ხორცი, მოაყარეთ 300 გრამი გახეხილი ყველი, 1 თავი ხახვი წვრილად, ალყა-ალყა დაჭრილი, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ შავი პილპილი და 30-40 წუთით ღუმელში შედგით, შემდეგ დაჭერით და მიირთვით.