,,უფლის მადლობელი ვარ, რომ ანუკის შევხვდი” – კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს ქორწინებიდან 13 წელი შეუსრულდათ

,,უფლის მადლობელი ვარ, რომ ანუკის შევხვდი" - კახა კალაძეს და ანუკი არეშიძეს ქორწინებიდან 13 წელი შეუსრულდათთბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეორე ნახევარი, დიზაინერი ანუკი არეშიძე ქორწინებიდან 13 წელს აღნიშნავენ. ოჯახი, სადაც უკვე ოთხი ბავშვი იზრდება, 2008 წელს შეიქმნა. კახის და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში, მილანში დაიწყო. მაშინ ანუკი უკვე წარმატებული მოდელი იყო, კახი – ფეხბურთის ვარსკვლავი. კახა კალაძე ,,სარკესთან” ანუკის გაცნობის და სიყვარულის ამბავს იხსენებს:

– ანუკის 2008 წლის 12 იანვარს მილანში შევხვდი პირველად. იმ დღეს ერთად ვივახშმეთ და მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

– შემთხვევით შეხვდით?

– არა. ჩემი ოჯახის ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მათი ახლობლის შვილი იყო იტალიაში ჩამოსული, მთხოვეს, ყურადღება მიმექცია. ანუკი უცხო ქალაქში პირველად იყო, არავის იცნობდა. როგორც ქართველი ქართველს დაეხმარება, ისე მოვიქეცი. მილანში ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა – ჩამოსულა ქართველი და დახმარების ხელი გამიწვდია. ჩემი და ანუკის ურთიერთობა კი სიყვარულში გადაიზარდა.

– რითი შეგაყვარათ თავი?

– თავისი უბრალოებით, კეთილშობილებით და სუფთა სულით. ვინც ანუკის კარგად იცნობს, ყველამ იცის, როგორი ადამიანია. ჩემი მეუღლეა და მისი ქება არ მინდა. არ ვიყავი განწყობილი, რომ აუცილებლად ოჯახი შემექმნა და ძიება არ დამიწყია. ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად მოვიდა ისე, რომ არც ველოდი. ჩემთვისაც და მათთვისაც, ვინც მე კარგად მიცნობს, გასაკვირი აღმოჩნდა.

ერთადერთი, რაც გულით და სულით მინდოდა, ის იყო, რომ ქართული ოჯახი შემექმნა და ისეთი ადამიანი შემხვედროდა, ვისთანაც მთელ ცხოვრებას უპრობლემოდ გავატარებდი. ახლა უფლის მადლობელი ვარ, რომ ანუკის შევხვდი და თანაც არა საქართველოში, არამედ იტალიაში. ბედისწერის მჯერა.საქართველო ჩემთვის უპირველესია და მინდოდა, ნამდვილი ქართველი შვილები მყოლოდა.

– თორემ იტალიელებსაც ლამაზი ქალები ჰყავთ, არა?

– იტალიელები მართლაც ლამაზი ერია, ლამაზი მანდილოსნები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი ევროპისგან განსხვავებულია. ოჯახს ერთი-ორი თვით ხომ არ ქმნი, მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც შეეწყობი ხასიათით, მენტალიტეტით. როცა მენტალიტეტი ერთნაირია, უფრო ადვილია ცხოვრება. ქართველი ქალი მაინც სულ სხვაა.

,,სარკის” არქივი, 2009 წელი