,,ჰოლივუდში ერთი ზედმეტი ნათურაც არ ანთებულა, საახალწლოდ თბილისი უფრო იხარჯება რატომღაც”

,,ჰოლივუდში ერთი ზედმეტი ნათურაც არ ანთებულა, საახალწლოდ თბილისი უფრო იხარჯება რატომღაც''ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ქალი საახალწლოდ მორთულ თბილისზე წერს და ჰოლივუდის მდიდარ უბანზე ავლებს პარალელს.

,,ყოველდღე ვუყურებ თქვენს სთორებში და პოსტებში საახალწლოდ მორთულ თბილისს. უდაოდ ლამაზი და ზღაპრულად მშვენიერია, თუმცა… აქ, ჰოლივუდში ერთი ზედმეტი ნათურაც კი არ ანთებულა (მაღაზიის ვიტრინებს თუ არ ჩავთვლით), არადა ჰოლივუდია, პომპეზურობის ცენტრი უნდა იყოს,  წესით.

უფრო მეტიც, დღეს ბევერლი ჰილსში ვიყავი. ბევერლი ჰილსი იცით, რა უბანია? სახლების ფასი 2 მილიონიდან რომ იწყება და 150 მილიონამდე ადის, ,,ფერარები” ისეთივე სიხშირით რომ დადიან, როგორც თბილისში BMW-ები და ყოველ მეორე ქალს ,,ჰერმესის” ორიგინალი ჩანთა რომ უჭირავს ხელში. ყოველთვიურად ათასობით დოლარს იხდიან ბევერლიჰილსელები ქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სახლი ამ უბანში დგას, მაგრამ საახალწლო განათებებით არც მაგათთვის მოუკლავს თავი ქალაქის ხელმძღვანელობას. ამ ცაში გამოკიდებულ თოვლის ბაბუას თუ არ ჩავთვლით, როგორიც იყო, ისევ ისეთია ბევერლი დრაივი.

ლოს ანჯელესის წლიური ბიუჯეტი არის 10.5 მილიარდი დოლარი ანუ 33.9 მილიარდი ლარი, თბილისის კი 1.02 მილიარდი ლარი, მაგრამ საახალწლო განათებებზე თბილისი უფრო იხარჯება რატომღაც.
სამაგიეროდ, ლოქდაუნი გამოცხადდა თუ არა, სამსახურდაკარგულ ხალხს ისეთ კომპენსაციებს უხდიდა კალიფორნიის შტატი, რომ ჩემ გარშემო ბევრმა თქვა,  სულ სახლში ვიჯდები დიდი სიამოვნებით, ხელფასზე მეტი შემოსავალი ახლა მაქვსო. დედაქალაქის ბიუჯეტი ინსტაგრამ სთორების გალამაზებაზე არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა ხალხი მშიერია!” – წერს Lel Shera.