,,ვერ შევეგუე აზრს, რომ მესამე პრეზიდენტი დატყვევებული ჰყავს რუსულ რეჟიმს” – ირაკლი ხიზანიშვილი

,,ვერ შევეგუე აზრს, რომ მესამე პრეზიდენტი დატყვევებული ჰყავს რუსულ რეჟიმს" - ირაკლი ხიზანიშვილიმსახიობი ირაკლი ხიზანიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
,,საქართველოში კი თითქოს დროის ათვლა გაჩერდა და ქვეყანამ სუნთქვა შეიკრა. ჩემი ყოველი დღე იმით იწყება, რომ ვხსნი ინტერნეტს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამბავს ვეცნობი.
ჯერ ისევ ვერაფრით შევეგუე იმ აზრს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დატყვევებული ჰყავს რუსულ რეჟიმს. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი დღეს არის გადამწყვეტი საქართველოს პოლიტიკაში, ისევე, როგორც იყო ყოველთვის.
მიწევს იმ ჭეშმარიტების გამეორება, რომ ის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებელია.
მის მიმართ მავანთა სიძულვილი გუშინ არ დაწყებულა. დაიწყო იმ წუთიდან,  როცა მან თავისუფალი საქართველოს იდეა გააჟღერა; როდესაც მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საქართველო დასავლური ორიენტაციის დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
ჩემი საკუთარი გამოცდილება ის იყო, რომ იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში მე ამაყი ვიყავი საქართველოს მიღწევებით და გახარებული იმით, რომ საქართველომ ეს შეძლო წარმოუდგენლად მცირე დროში მთელი მსოფლიოს თვალწინ.
მაგრამ საქართველოს მიღწევებს შურით, გაბოროტებით და შიშით ადევნებდა თვალს მთავარი მტერი, რომელსაც სულ არ აწყობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ასეთი მაგალითი სხვა რესპუბლიკებისთვის. ის მტერია, რომელსაც უზომოდ ახარებს ასე ჩამორჩენილი და წელში გადატეხილი საქართველო. ის მტერია, რომელსაც დატყვევებული ჰყავს იმ წარმატებული სახელმწიფოს პრეზიდენტი.
სააკაშვილის შემდგომმა პრეზიდენტებმა, ვერც საქართველოს როლი ვერ აღიქვეს ჯეროვნად, ვერც საქართველოს მისია გაიაზრეს და ვერც თავად პრეზიდენტობის ინსტიტუტში გაერკვენ. ისინი უფროსი ძმის ერთგულ შეგირდებად დარჩნენ.
ისტორიამ მიხეილ სააკაშვილი სახელოვან და ძლიერ ლიდერად დაგვისახა…
მიხეილ სააკაშვილი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხელმოცარული, ანგარებიანი, შურიანი, ან სულაც მისდამი მტრულად განწყობილი ადამიანებისგან ნასროლი თითო კენჭი, რომელიც სადღაც ჩაიკარგება და გაქრება”.