გოჩა კაპანაძე: ,,მარინა ჯანაშიას ჰქონდა ის თვისება, რაც იშვიათია მსახიობებში”

გოჩა კაპანაძე: ,,მარინა ჯანაშიას ჰქონდა ის თვისება, რაც იშვიათია მსახიობებში",,სარკე”, ია ქუთათელაძე

2008 წელს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ,,მოხუცი ჯამბაზების” პრემიერა შედგა. რეჟისორი გოჩა კაპანაძე ალბათ გუმანით გრძნობდა, რომ მსახიობთა ასეთი თანავარსკვლავედი სპექტაკლს უდიდეს წარმატებას მოუტანდა და მართალიც აღმოჩნდა. ,,მოხუცი ჯამბაზები” ნამდვილად იქცა საუკუნის წარმოდგენად.

სპექტაკლის მთავარი რეფრენი იყო კითხვა – ,,ნეტავ, იქ თეატრი არის?”. დიახ, არის, როგორ შეიძლება არ იყოს, როცა ამქვეყნიდან უამრავმა გენიალურმა მსახიობმა უსასრულო მარადისობაში გადაინაცვლა. ბოლოს მათ გუნდს მარინა ჯანაშიაც შეუერთდა. გოჩა კაპანაძე ,,სარკეს” უამბობს:

– ტრიუმფული იყო მარინა ჯანაშიას ყოველი ნაბიჯი. არასდროს დაიგვიანებდა, მაშინაც კი, როცა შეუძლოდ გახლდათ. პატივს სცემდა მშობლიურ ენას და თუ რამე გრამატიკულ შეცდომას დაუშვებდი, ფრთხილად მოგცემდა შენიშვნას. არ უყვარდა ბარბარიზმები, მუდამ გამართული ქართულით საუბრობდა.

თბილი, უშუალო, უპრეტენზიო იყო, ყოველგვარ ვარსკვლავურ ჭირვეულობას მოკლებული. თავისი პრობლემებით, თავისი ბოლო წლების ტკივილით არასოდეს არავინ შეუწუხებია. არც აძლევდა თავს უფლებას, ავადმყოფობის გამო სპექტაკლის გადატანა ეთხოვა…

მსახიობის ცხოვრებაში ასე ხდება, თანდათან მოდის აღიარება. ის კი 20 წლის ასაკიდან მარინა ჯანაშია იყო.

მარინას შეეძლო სხვა მსახიობის ნამუშევრით აღფრთოვანება, რაც იშვიათია მსახიობებში.სპექტაკლში შეეძლო, ყველა დაეჩრდილა, ცდილობდა, სხვა მსახიობებისთვის არ შეექმნა დისკომფორტი, ისინი გამოეყვანა წინა ხაზზე.

– სიმბოლური გამოდგა ,,მოხუცი ჯამბაზები”. უდიდესმა მსახიობებმა თითქოს თავიანთი სეფესიტყვა თქვეს და ნელ-ნელა გაიკრიფნენ. როცა გადაწყვიტეთ ამ სპექტაკლის დადგმა?

– თავიდან არ მიფიქრია, რომ ასეთი საეტაპო სპექტაკლი გამოვიდოდა. მე უფრო ჩემმა დიდმა სურვილმა მიბიძგა, მემუშავა სხვადასხვა სარეჟისორო სკოლის გენიალურ წარმომადგენლებთან.

მჯერა, რომ აკაკი ვასაძის ფრაზას – ნეტავ, იქ თეატრი არის? – პასუხი აქვს: იქ თეატრი ნამდვილად არის და ქალბატონი მარინაც იმ უზარმაზარ დასს შეუერთდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”