არნოლდ გეგეჭკორის შვილი: ,,შეიძლებოდა მამა მხეცების ლუკმა გამხდარიყო და მისი საფლავიც არ გვცოდნოდა”

არნოლდ გეგეჭკორის შვილი: ,,შეიძლებოდა მამა მხეცების ლუკმა გამხდარიყო და მისი საფლავიც არ გვცოდნოდა",,სარკე”, ია ქუთათელაძე

29 მაისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი მეცნიერი, ბუნებისმეტყველი, ქართველი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო, საამაყო წარმომადგენელი და უბრალოდ ლამაზი ადამიანი, ბატონი არნოლდ გეგეჭკორი. მის ხსენებაზე ყოველთვის ვაჟა-ფშაველას მინდია მახსენდებოდა. ადამიანი, ვისაც ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა ენა ესმოდა. ჰქონდა სამეცნიერო წოდებები, ნაშრომები, მიღწევები, ხუთივე კონტინენტი შემოიარა, ლექციებს  კითხულობდა ინგლისში, ავსტრალიაში…

როგორი იყო მეცნიერის ცხოვრება და უკანასკნელი დღეები, ბატონი არნოლდის ქალიშვილმა, ირინა გეგეჭკორმა ,,სარკეს” უამბო.

– ბატონი არნოლდი ბრძანდებოდა უდიდესი მეცნიერი. საიდან იღებდა სათავეს პროფესიისადმი ასეთი სიყვარული?

– მამა ხშირად იხსენებდა თავის ბავშვობას, საყვარელ ბებიას, რომელიც გურიაში ცხოვრობდა. ყვებოდა, ნატურფილი ანუ ბუნების ტრფიალი ვიყავი პატარაობიდან, მხოლოდ მისი შესწავლა მინდოდაო.

მამას ბევრჯერ შესთავაზეს მაღალი თანამდებობები მინისტრის სავარძლის ჩათვლით. ყველაფერზე უარი თქვა,ცხოვრება საყვარელ საქმეს მიუძღვნა.

– მუდმივი ექსპედიციები ხუთივე კონტინენტზე, ცხადია, უსაფრთხო არ იქნებოდა.

– უამრავ ფათერაკს გადაჰყრია, ყველაზე შხამიანმა ბუზმა, ცეცემ, რამდენჯერმე უკბინა.ამ ბუზის ნაკბენი სასიკვდილოა, მამა კი გადარჩა. აფრიკაში, საფარაზე ყოფნისას მის კარავზე მთელი ღამე კატისებრთა ოჯახის მხეცებს იერიში მიჰქონდათ.

ერთხელ ცოტაოდენი საკვები ჰქონდათ და გაინაწილეს. მამას ერთი ბარკალი შეხვდა.უეცრად საიდანღაც მაიმუნი ჩამოხტა და ბარკალი გამოსტაცა, ასე დარჩა მშიერი მთელი დღე.

ხან ცხენმა გადააგდო ხევში, დათვისგან დატორილიც ყოფილა. მოკლედ, არაფერი დაჰკლებია. ხომ ძალიან განვიცდით, რომ 81 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა, მაგრამ უფალს მადლობას ვეუბნები, რადგან შეიძლებოდა თავისი ხიფათიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შექმნოდა ისეთი სიტუაცია, უგზოუკვლოდ დაკარგულიყო ან მხეცების ლუკმა გამხდარიყო და მისი საფლავიც არ გვცოდნოდა.

რისკიანი იყო, ისეთ ადგილებშიც ყოფილა, სადაც ადამიანს ფეხი იშვიათად დაუდგამს. ყველანაირი საკვები გაუსინჯავს და არასდროს მოწამლულა. საოცარი გამძლეობით გამოირჩეოდა.ჩემთვის მამა იყო გმირი, კაცი, რომელსაც არაფრის ეშინოდა.

3 წლის წინ პაკისტანში წავიდა. მაშინ იქ ომი მძვინვარებდა, ძალიან საშიში იყო, მაგრამ ვერ შევაჩერეთ. თვითმფრინავთან შეიარაღებული სამხედროები დახვდნენ და მუდმივად იცავდნენ, უდიდესი მადლიერებით გამოაცილეს. შარშან ინდოეთში აპირებდა წასვლას, დედაქალაქ დელიში კი არა, არამედ სადღაც, სულ განაპირა პროვინციაში, საშინელ პირობებში. ვუთხარი, მამა, სად მიდიხარ,რუკაზეც კი დაკარგული წერტილია-მეთქი. სწორედ ეს მაინტერესებსო, მიპასუხა.

– როგორ დაიფინცირდა?

-სულ სხვა პრობლემით მოხვდა კლინიკაში. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გამოვიდა მხნედ. ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა, რომ კლინიკაში დაიფინცირდა კოვიდით… როცა დავკრძალეთ, მისი სტუდენტები რამდენიმე წრედ შემოეწყვნენ მის საფლავს და ცრემლიანი თვალებით, თავდახრილებმა პატივი მიაგეს მამაჩემის ხსოვნას. ეს იყო ის სიკეთის მწვერვალი, რომელიც მამამ თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით ააგო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”