,,საკუთარი ფეხით ნუ ჩამოხვალთ საკუთარ სასაკლაოზე – საქართველოში” – მაცაცო თოხაძე ტურისტის მკვლელობას უმწვავესი სტატუსით ეხმაურება

,,საკუთარი ფეხით ნუ ჩამოხვალთ საკუთარ სასაკლაოზე - საქართველოში" - მაცაცო თოხაძე ტურისტის მკვლელობას უმწვავესი სტატუსით ეხმაურებაკომპოზიტორი მაცაცო თოხაძე გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება და ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,ძვირფასო ტურისტებო, სხვა ქვეყნის და ერის შვილებო, ვინც ინტერესდებით და იხიბლებით ჩვენი ქვეყნით, ვინც ჩამოდიხართ და გიყვარდებათ ეს საქართველო! ბედის ირონიაა, რომ უკანასკნელ წუთებს აქ ატარებთ და აქ ასრულებთ სიცოცხლეს…
სტუმარმასპინძლობით ყველაზე მეტად ვიწონებდით თავს,მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენში… დამშეულ, დაშინებულ, დამონებულ ერს მაღალ მატერიებზე და ადამიანურ სიკეთეებზე პრეტენზია ვეღარ ექნება. არც ისეთი კარგია საქართველო, როგორც თქვენი თვალით ჩანს… არც ისეთი მოწესრიგებულია,არც ისეთი ლამაზი და განსაკუთრებული… უსაფრთხო ხომ, მით უმეტეს…

განერვიულებული და ლუკმა-პურზე მონადირე მშობლების შვილები ვერ იქნებიან თქვენთვის კარგი მასპინძლები! ზიზღში და ერთმანეთის მტრობაში გაზრდილი ახალგაზრდები ვერ იქნებიან თქვენთვის კარგი დამხვდურები! კომფორტული სასტუმროები და კარგი რესტორნები არ ნიშნავს კარგ ქვეყანას! თქვენ აქ ფულში გატყუებენ, გძარცვავენ, გაწამებენ, გკლავენ…

ჩვენს შინაგან ბუნებაში ბევრი აღარაფერია მოსაწონი. და მაინც, ჩვენი ქვეყნის ბუნება თუ მოგწონთ,დატკბით ბუნებით და მშვიდობით წადით ისე, რომ საერთოდ ნუ იკონტაქტებთ აქაურებთან. მოიქეცით ისე, როგორც ველურ ტომთან მოიქცეოდით – უყურეთ შორიდან და მოერიდეთ!

კარგი მასპინძელიც ბევრია ჩვენს დალოცვილ და გაუბედურებულ ქვეყანაში. და თუ გაგიმართლებთ და მათთან მოხვდებით და მშვიდობით წახვალთ, ღმერთს ჰყვარებიხართ…
საქართველო დამშეული ქვეყანაა და სანამ სულს არ მოითქვამს, სანამ არ დაპურდება, სანამ თაობები არ გამოიცვლება, წადით სხვა ადგილებში, სხვა ქვეყნებით მოიხიბლეთ და საკუთარი ფეხით ნუ ჩამოხვალთ საკუთარ სასაკლაოზე… უმკაცრესი სასჯელი ყველა მკვლელს! ზუსტადაც რომ – ნულოვანი ტოლერანტობა!”.