„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიით ლიბერთი მზადაა, გახდეს მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის.
ლიბერთი არაერთი წელია, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს მასწავლებლების მხარდაჭერისა და მათი პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით. ახალი სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში კი განათლების ხელშეწყობა, მასწავლებლებზე ზრუნვა და მათთვის სიახლეების შეთავაზება ლიბერთის მუდმივი პრიორიტეტი იქნება.
წელს, ლიბერთისთან პარტნიორობით, მასწავლებლებისთვის ორი კონკურსი ჩატარდა.
გლობალურ კამპანიას – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, ლიბერთი მეხუთე წელია, მხარს უჭერს. წელს ბანკმა განათლების კოალიციასთან ხუთწლიანი მემორანდუმი გააფორმა და საპრიზო ფონდი გააოთხმაგა. ლიბერთი წელსვე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ოქროს სპონსორად დასახელდა.
ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის მთავარი პრიზის მფლობელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.
ვასილ ხოდელი: „ჩემთვის და ლიბერთისთვის დიდი პატივია, განათლების კოალიციასთან ერთად, ვიყოთ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო მასწავლებლებს და აღვნიშნო, რომ ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც განაგრძობს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების – მასწავლებლების მიმართ ზრუნვას. ამ პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.
გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად ჩვენ წელს გავაოთხმაგეთ საპრიზო ფონდი. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია.
ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს.“
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში ამ პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლებისთვის“ .
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს მეხუთე წელია, ლიბერთისთან პარტნიორობით ატარებს.
წელს კონკურსში გაიმარჯვა მწერალ ბესიკ პაპასქუას მოთხრობამ „აირწინაღი“, ლიბერთის რჩეული კი გახდა გურო დავითლიძის მოთხრობა „აჩიკო“.
ლიტერატურული კონკურსის მიზანი იყო, ქართველ მწერლებს დაეწერათ თანამედროვე სასკოლო ცხოვრების ამსახველი მოთხრობები, რომლებიც სწორ ღირებულებებს წარმოაჩენს, ხელს შეუწყობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიის პოპულარიზაციას.
კონკურსის სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული მწერალი ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დააჯილდოვა.
ვასილ ხოდელი: „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწერალს, რომელთაც შექმნეს ეს საინტერესო ნამუშევრები, რაც მასწავლებლების როლზე კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, რომლებიც ჩვენი შვილების მომავალს ქმნიან.
ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის, ახალი ხედვა სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელთაც კონკურსი ატარებს, ეს არის განათლებული საზოგადოება, განათლებული ახალი თაობა, დაფასებული პროფესიონალები და დაფასებული გამოცდილება. კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა გამარჯვებულს“.
კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალურ ნომერში.