დავით ნარიმანიშვილი: ,,ჩემი  სიყვარულისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლე”
საქართველოდან გაჭირვების გამო გაქცეული ბიჭის დაუჯერებელი ამბავი ესპანეთში

დავით ნარიმანიშვილი: ,,ჩემი  სიყვარულისთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლე",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

სატელევიზიო შოუ ,,სამზარეულოს ომების” ჟიურის ერთ-ერთი წევრი, დავით ნარიმანიშვილი, 24 წლის იყო საქართველოდან ბარსელონაში ბედის საძებნელად რომ გაემართა. მაშინ ჩაბნელებულ თბილისს ნათელ ქვეყანაში გაექცა. დიდი შრომა მოუწია და დღეს იქ ცნობილი მზარეულია. დავითმა მეორე ნახევარიც ესპანეთში იპოვა. ერთი პატარა გოგონაც ჰყავთ, რომელსაც მამა შორეულ ესპანეთში მშობლიურ ქართულს ასწავლის.

დავითი ,,სარკეს” ესპანურ ცხოვრებასა და გაკვალულ გზაზე მოუყვა:

-16-17 წლამდე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდი ფეხბურთს,20 წელს რომ გადავცილდი, ფეხბურთი განზე დარჩა, რადგან უკვე არაპროფესიონალურად ვთამაშობდი.ესპანეთში რომ წავედი, 25 წლის ვიყავი. ბარსელონაში ჩავედი მეგობართან ერთად. როგორც სხვა ემიგრანტები, მეც ვეძებდი გამოსავალს, თუ რით უნდა მეარსება.

შეიძლებოდა კვირაში ორი დღე მემუშავა – მერე გავჩერდებოდი რამდენიმე დღე, ჩემი მეგობარი მუშაობდა და ასე გაგვქონდა ერთმანეთი. ქართველებმა მიმიყვანეს ერთ სამზარეულოში,მაგრამ დიდი ჩავარდნა მქონდა და ,,დამბრაკეს”. არც დანის ხმარება ვიცოდი.

მერე მეგობარმა წამიყვანა ერთ ტავერნაში მზარეულის დამხმარედ. სტაფილოზე რომ გამაგზავნიდნენ, ლანგარზე ვალაგებდი ზედ სხვადასხვა ბოსტნეულს და მიმქონდა, რადგან ვერ ვხვდებოდი,სტაფილოს მეუბნებოდნენ თუ კომბოსტოს. შემატყვეს, რომ მონდომებული ვიყავი და აღარ გამათავისუფლეს.

იქიდან დაიწყო ყველაფერი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ უნივერსიტეტში და კიდევ ერთ სასწავლებელში ვისწავლე.ტელევიზიაში ვმუშაობდი, მთავარი პროდიუსერი ვიყავი კულინარიული გადაცემის და რეცეპტებს მე ვწერდი.

– თქვენს ესპანურ სიყვარულზე გვიამბეთ.

-ფსიქოპედაგოგია.რომ გავიცანი,მათ ეხმარებოდა, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. საზღვრებზე მიდიოდა, სადაც ლტოლვილებს ეხმარებოდა. ბავშვები გამოჰყავდა მდგომარეობიდან. საბერძნეთში, ინდოეთში მოგზაურობდა… ახლა სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობს.

-ეჭვიანი არ არის?

– ნორმის ფარგლებში. გადაცემა თუ ისე დამონტაჟდა, რომ გოგო მიყურებს… ადამიანის ბუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნდობა არსებობს და უკვე ბევრი წელია, ერთად ვართ.დიდი გაუგებრობა არასოდეს გვქონია, არც მინდა, მსგავსი რამ მოხდეს, რადგან ძალიან მინდოდა ოჯახი, დიდი ბრძოლა მომიწია ამისთვის და დღემდე ვიბრძვი, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ.

– იბრძოლეთ თქვენი სიყვარულისთვის?

– ძალიან ბევრი ვიბრძოლე.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”