ზუკა ხუციშვილი: ,,ახლა უფრო მჭირდება გიოს გვერდში დგომა”

ზუკა ხუციშვილი: ,,ახლა უფრო მჭირდება გიოს გვერდში დგომა'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალი ზუკა ხუციშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ქართულ შოუბიზნესში, უკვე 30 წლის მამაკაცია. პოპულარული მამის, გიო ხუციშვილის, ფაქტორი ზუკასთვის ყოველთვის დიდი პლუსი იყო. სხვათა შორის, ბევრისგან განსხვავებით, მამის ჩრდილქვეშ ყოფნის კომპლექსი არასოდეს ჰქონია. დღემდე ამაყობს იმით, რომ ბევრისთვის ის ცნობილი მომღერლის შვილია.

ზუკა ხუციშვილი:

-წლებთან ერთად დიდად არ ვიცვლები. ის პრიორიტეტები და ფასეულობები, რომლებიც ძვირფასი იყო ჩემი ოჯახისთვის, ძვირფასია ჩემთვისაც. სულ იმ გზაზე ვარ, სადაც ეს ფასეულობებია და რაც გიომ და მაიამ მასწავლეს.არასოდეს ვამბობ ადამიანზე ცუდს, არასოდეს შევდივარ კონფლიქტში. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, თბილისური, ქალაქური ურთიერთობების წესები.

-როგორი გაიარეთ ეს პერიოდი გიოს გარეშე?

-დრო რომ ყველაფერს კურნავს, ამის დიდად ვერ დავიჯერე. ის ტკივილი, რასაც გიოს გარეშე ცხოვრებას ჰქვია, არ იკურნება, უბრალოდ, სწავლობ ცხოვრებას ამ ტკივილთან ერთად.რაც უფრო დიდი ადამიანი მიდის ამ ცხოვრებიდან, მით უფრო დიდ სიცარიელეს ტოვებს, რომელიც არაფრით შეივსება.

გიოს წასვლას ოდესმე შევეგუები-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, ეს ტკივილი უფრო და უფრო ღვივდება. რაც უფრო წინ მივდივარ ცხოვრებაში, უფრო მეტად მჭირდება გიოს გვერდში დგომა.

-როდესაც თქვენი რჩეული მამას გააცანით, როგორი იყო გიოს რეაქცია?

-დიდი ხანი იცნობდა ჩემს რჩეულს, რადგან კლასელები ვიყავით. როდესაც ვუთხარი, რომ ცოლად მომყავდა, არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი ბედნიერი სახე მიიღო, რომ ეს სიტყვებზე მეტი იყო.

მისი მხრიდან მხარდაჭერისა და დიდი სითბოს მეტი არაფერი იყო. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ჩვენი ქორწილის სამზადისში. ყველაფერს აკეთებდა, რომ დაუვიწყარი დღე გამოსულიყო და ასეც მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ მისი ავადმყოფობის შესახებ, ამიტომ ეს ქორწილი გიოსთვის დიდი ზეიმი იყო ყოველგვარი სევდის გარეშე.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”