„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“- ლიბერთის ახალი პროექტი შეხვედრები ახლებურად

„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“- ლიბერთის ახალი პროექტი შეხვედრები ახლებურადლიბერთიმ  საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში  ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

„შეხვედრები ახლებურად“ – ასე ჰქვია   ახალ პლატფორმას, რომლის  საშუალებით, ლიბერთი განსაკუთრებულ  შეხვედრებს უწყობს  უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.

პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“  სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება.

„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ – ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის  საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს  თეატრმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც, ლიბერთისთან ერთად, შეხვედრების მასპინძელია.

ნიკოლოზ წულუკიძე: “განსაკუთრებულად მიხარია, რომ შემოვუერთდი ლიბერთის ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას და  ჩემს ყველაზე საყვარელ უფროსი თაობის ადამიანებთან ერთად ვარ.

ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავდივართ სოფელ-სოფელ და ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ნახვა უხარიათ და ჩვენ კი  მათი ნახვა გვახარებს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თაობა ხვდება ერთმანეთს. ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი მოშლილია  და  მთავარია, რომ საერთო ინტერესებისა და საერთო განწყობის ადამიანები ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვიყვარს.

ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ლიბერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ სოფლებში ვიარო, შევხვდე  ამ საოცარ ხალხს და მოვისმინო სიბრძნე და დავინახო მათი სუფთა და ნამდვილი თვალები”.

ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია.

გიორგი სუხიტაშვილი: “ეს პროექტი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მე თვითონ სახლში მყავს უფროსი თაობის ადამიანი, რომელთანაც ყოველდღიური კავშირი მაქვს, ვიცი, რაზე ვისაუბროთ, რა უნდა ვკითხო, რა გამოცდილების გაზიარება ვთხოვო და ვთვლი, რომ ქვეტექსტების გარეშე ურთიერთობას არაფერი ჯობს, როდესაც ჩვენ მათი საუბარი გვსიამოვნებს და ისინი, თბილი სიტყვების გარდა, არაფერს ითხოვენ.

ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის მცირე ნაწილი ვარ და ეს პროექტი გაგრძელდება ჩემთან ერთად თუ ჩემ გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სიამოვნებით მივადევნებ თვალყურს ჩემს მეგობრებს, რომლებიც შეხვდებიან ჩვენს უფროს თაობას”.

ლიბერთის ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთას მცხოვრებლებმა  დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვეს, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ლიბერთის დახმარებით, „გარდენია შევარდნაძის“  მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა.

„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“- ლიბერთის ახალი პროექტი შეხვედრები ახლებურადზურა შევარდნაძე: “ალბათ ამაზე უფრო სასიხარულო არც არაფერია, გააღო შენი სახლის ჭიშკარი, შენი ბებიის სახლი, გაამზეურო, წინა დღეს ჩამოხვიდე, გაალამაზო აქაურობა და უმასპინძლო შენთვის ყველაზე საყვარელ გურულებს, ყველაზე საყვარელ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გენატრება, მათი ხმები სულ გესმის, მათი სახეები სულ გახსოვს, მათი თვალები გენატრება, გამხნევებენ, გაძლიერებენ. თუ რამეს წარმოვადგენ, ამ ხალხით ვარ. ამიტომ, ამ ხალხთან ერთად ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

ამაზე დიდი სიხარული, რომ ჩემს ეზოში მოვუწყო შეხვედრა ასეთ საინტერესო ადამიანებს, ნამდვილ გურულებს,  ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის  არც ვიცი, თუ არის და მადლობა, რომ მომეცა საშუალება, ამ ადამიანებისთვის თბილი სიტყვები მეთქვა.

დიდი მადლობა ლიბერთის იმისთვის, რომ გამამხნევა, გამაძლიერა და მომცა საშუალება, ჩემს ეზოში შემეკრიბა ყველა გამორჩეული ადამიანი. აქ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ვისთანაც შეხვედრა მხოლოდ მე კი არა, ნებისმიერ ადამიანს გაეხარდება. იმიტომ, რომ ნამდვილები და საინტერესოები არიან და არიან ისეთები, როგორებიც არიან. მათგან შეიძლება მხოლოდ ისწავლო.”

ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერი ნინი ბუკია: “ლიბერთისთვის  ნებისმიერი ასაკის  ადამიანებისთვის გამორჩეული შეხვედრების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ  ახალ პლატფორმას ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

ამ გზით ვცდილობთ, უფრო ახლოს მივიდეთ მოსახლეობასთან, გავეცნოთ მათთვის საინტერესო თემებს, ერთმანეთს გავაცნოთ საინტერესო ადამიანები, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს მომავალ გეგმებში.

ჩვენი „ახლებური შეხვედრები“, დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დავხვეწთ და განვავითარებთ.”

ლიბერთის ახალი პროექტი  „შეხვედრები ახლებურად“  საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში  სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში ლიბერთი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ახლო მომავალში, არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.