თამუნა მუსერიძე: ,,სანდროზე შეყვარებული გოგონები სახლში გვიცვივდებოდნენ”

თამუნა მუსერიძე: ,,სანდროზე შეყვარებული გოგონები სახლში გვიცვივდებოდნენ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

ტელე და რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. განსაკუთრებით აქტუალური იყო მისი პირადი ცხოვრების განხილვა, როცა მის გვერდით პოპულარული ახალგაზრდა მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, გამოჩნდა. წყვილმა მალე ერთად ცხოვრება დაიწყო და თამუნა სანდროზე შეყვარებული გოგონების თავდასხმის ობიექტი გახდა.ოჯახური წყვილის ცხოვრებაში სირთულეები იყო, მაგრამ დღეს ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ და ბედნიერი ოჯახი აქვთ.

თამუნა მუსერიძე:

როცა მე და სანდრო შევუღლდით, ჩემი ვაჟი 4 წლის იყო,სანდროს გოგონა – 3-ის. ბავშვები ერთად გაიზარდნენ, ერთმანეთი უყვართ. არასდროს გვიფიქრია, რომ ისინი საერთო შვილები არ არიან. შემდეგ დაიბადნენ გოგონები.

ყოველთვის ვოცნებობდი ბევრ შვილზე. დედაჩემს ვეუბნებოდი, ბავშვთა სახლიდან ბავშვი უნდა ავიყვანო-მეთქი.მაშინ, როცა ფიქრადაც არ ვიცოდი, თავად აყვანილი რომ ვიყავი. ეტყობა, ქვეცნობიერი ლაპარაკობდა ჩემ მაგივრად.

ჩვენი შეუღლება დიდმა სიყვარულმა განაპირობა. შეიძლება ეს ბევრს არც გაუხარდა, უპირველესად – სანდროზე შეყვარებულ გოგონებს, რომლებიც პირდაპირ სახლში გვიცვივდებოდნენ და ისტერიკებს აწყობდნენ. გვქონდა რთული პერიოდებიც.წლებმა ყველაფერი დაალაგა და გვაჩვენა, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები ვართ. ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა და შეკრული ოჯახი გვაქვს.

სანდრო ძალიან ყურადღებიანი მამაა, მეხმარება ბავშვების მოვლაში, ხშირად დაჰყავს სასეირნოდ, პამპერსსაც უცვლის და საკვებსაც უმზადებს. პანდემიის პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა. კიდევ კარგი, რუსთაველის თეატრში ხელფასი ეძლეოდა და თავი როგორღაც გავიტანეთ, მაგრამ ყველაფერი საშინლად გაძვირდა. პამპერსი, ბავშვის საკვები, ზოგადად საკვები და როგორ უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა, აღარ ვიცი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”