,,რატომ მერგო ამხელა ჯვარი? ეს ხომ ერთი ადამიანისთვის ძალიან მძიმეა” – ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა

,,რატომ მერგო ამხელა ჯვარი? ეს ხომ ერთი ადამიანისთვის ძალიან მძიმეა" - ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა,,სარკე”, ნანა კობახიძე

მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილი იყო. ორი ვაჟის დედა იყო და ორივე ახალგაზრდა ასაკში დაკარგა – მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი 39 წლის იყო, ლაშა კიკალეიშვილი _ 42-ის. ქალბატონი ლელა ,,სარკესთან” ყვებოდა:

-არ ვიცი,რამ განაპირობა ჩემი ცხოვრების ტრაგიზმი ან იყო თუ არა ამაში რაიმე მისტიკური. ჩემი მეუღლე, ანდრო კიკალეიშვილი (მსახიობი), 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, შვილები კი – ლაშა 42 წლისა მიებარა უფალს, მამუკა – 39 წლის. ხშირად დამისვამს კითხვა – რატომ მერგო ამხელა ჯვარი? ეს ხომ ერთი ადამიანისთვის ძალიან მძიმეა. თურმე ძლიერი ვყოფილვარ, რადგან გავუძელი…

ცხოვრებაში არ მქონია შურის გრძნობა, ყველას სიკეთე მიხაროდა, სხვის სიხარულს ვიზიარებდი. ურთიერთობებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდი. რაც უნდა მწყენოდა, გულში ვმალავდი, არავისთან მქონია შეჯახება, მცირე უსიამოვნებაც კი…

და დღეს… ყავისფერ ფერებში დანახული სამყარო – სულ სადღაც მივიჩქარი და მაგვიანდება… არ ვიცი, რა სპექტაკლი მაქვს, მაინც ვეშურები… ვთამაშობ, მაგრამ ტექსტი არ ვიცი… სულ ვკარგავ რაღაცას, შვილებს კი ვერ ვხედავ… მსგავსი სიზმრები არ მასვენებს, შეშფოთებული ვიღვიძებ. ჩემი დადებითი ენერგიის წყარო შვილთაშვილებია… და წიგნები, წიგნები… ერთის კითხვას რომ ვამთავრებ,მეორეს ვიწყებ, შუალედი არ უნდა მქონდეს…

ლაშას ავადმყოფობის დროს მამუკამ ძალიან ბევრი იტვირთა. მთელმა სიმძიმემ მის კისერზე გადაიარა…მამუკა ძმის დიაგნოზს მიმალავდა – დედაჩემი მოკვდება, ვერ გადაიტანსო. თბილისში რომ დავბრუნდი, მითხრა,პოლიპები ამოკვეთესო. როცა გართულდა, მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მამუკა დედას უფრთხილდებოდა, თავად კი ძმის დარდს შეეწირა…