რამაზ იოსელიანი რთული ოპერაციის მერე: ,,კარგი იქნებოდა, მყოლოდა გვერდით ჩემი რჩეული, მაგრამ…”

რამაზ იოსელიანი რთული ოპერაციის მერე: ,,კარგი იქნებოდა, მყოლოდა გვერდით ჩემი რჩეული, მაგრამ...'',,სარკე”, ია ქუთათელაძე

ფოთის თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი რამაზ იოსელიანი რამდენიმე თვის წინ რიგით გამოკვლევაზე მივიდა კლინიკაში, მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ გულის პრობლემები ჰქონდა და ოპერაცია სჭირდებოდა. ჩაფიძის კლინიკაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და  რეაბილიტაციის პერიოდიც კარგად დასრულდა.

– ბატონო რამაზ, ადრე გაწუხებდათ გული?

– არასდროს მიგრძვნია, რომ რაიმე სერიოზული პრობლემა მქონდა. დრო და დრო ვიმოწმებ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ესეც რიგითი ვიზიტი იყო. გამსინჯეს და აღმოჩნდა, რომ შუნტირება იყო საჭირო. მაშინვე გადავწყვიტე, არ გადამედო და გამეკეთებინა.

– ალბათ გარკვეული შიში დაგეუფლათ, როცა გითხრეს, რომ ოპერაცია გჭირდებოდათ.

– არ შემშინებია. უცებ მივიღე გადაწყვეტილება. მჯერა, როცა ადამიანი იბადება, მისი ბედი ზეცაშია გადაწყვეტილი. რაც გიწერია, ვერაფრით აიცილებ, ჰოდა, ვიფიქრე, გავიკეთებ ოპერაციას, თუ უფალმა ინება და დამტოვა ამქვეყნად, ესე იგი ჯერ კიდევ ყოფილა ჩემი საკეთებელი საქმე დარჩენილი-მეთქი.

– რამდენი დღე გაატარეთ საავადმყოფოში?

ერთი კვირა დავყავი. ოპერაციიდან მეორე დღესვე ამაყენეს. აუცილებლად უნდა იმოძრაო, რომ გულს მუშაობაში ხელი შეუწყო.

-მსგავსი ოპერაციების გაკეთება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რამით დაგეხმარათ სახელმწიფო?

-სამსახურიდან მქონდა დაზღვევა.ეს რომ არ მქონოდა, არ ვიცი, რას და როგორ მოვახერხებდი. 14 ლარი დაჯდა ეს ოპერაცია. საშინელი ფასები აქვს მედიკამენტებს, რომლებიც ხანგრძლივად მჭირდება. ასევე საჭიროა რეგულარული ვიზიტი ექიმთან და კონსულტაციები, რაც არ არის იაფი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან ჩვენი მოქალაქეები, პენსიონერები. აუცილებლად უნდა დარეგულირდეს წამლის ფასები.

-ახლა მაინც არ იფიქრეთ, რომ ცხოვრების თანამგზავრი აუცილებელია?

-კარგი იქნებოდა, მყოლოდა გვერდით ჩემი რჩეული, მაგრამ რას ვიზამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ ასე ეწერა ჩემი ცხოვრების წიგნში.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”