ნიკა გვარამია: ,,ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ,,ოცნება”

ნიკა გვარამია: ,,ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ,,ოცნება''ქარელში ,,მთავარი არხის” ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ,,მთავარის” ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

..მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია იხსენებს, რომ მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

ყორშიას ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან.

-მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა, – ამბობს ყორშია.

,,მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაემგზავრა ქარელში, დაშავებულ ოპერატორთან.

,,მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ,,ქართული ოცნების” შტაბის მეორე სართულიდან ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაჰყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო, თუ რა შხამს აფრქვევდი, შე ნაძირალა?! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?

ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream” –  წერს ნიკა გვარამია