მწნილი ზღმარტლის, სამოთხის ვაშლის, პრასის, სტაფილოსი, ბლის…

მწნილი ზღმარტლის, სამოთხის ვაშლის, პრასის, სტაფილოსი, ბლის...ამ მარინადში შეგიძლიათ ჩააწყოთ ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი: ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბაღის შინდი, თეთრი ბალი…
მარინადი ასე მზადდება:
1 ლიტრ წყალში გააზავეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 10-15 მარცვალი ბაჰარი (ანუ ე. წ. სურნელოვანი პილპილი) და 5-6 ღერი ნიახური ძირებიანად.
,,მარანის” რეცეპტით, პრასის მწნილისთვისაც იგივე მარინადი გამოიყენება.
მომზადება:
დასამწნილებელი პრასი გაასუფთავეთ, პირველი ორი ფოთოლი ბოლომდე მოაცალეთ, ბოლოებს უხეში ნაწილები წააჭერით, თავებს კი ფესვები, შემდეგ ცხელ წყალში მოწალეთ და დიდ 3-ლიტრიან ქილაში ჩააწყეთ. დაასხით მარილწყალი ან წინასწარ მომზადებული მარინადი, დადგით გრილ ადგილას და რამდენიმე დღით აცალეთ.
მარილწყალი მარტივად მზადდება: 3-ლიტრიან ქილას თითო ლიტრზე თითო სუფრის კოვზი მარილი, ცოტ-ცოტა დაფნა, ნიახური და ნიორი სჭირდება. წყალი ან მარილი მეტი ან ნაკლები რომ არ მოგივიდეთ, წყალი წინასწარ უნდა არწყათ.
რჩევა:
პრასის ფოთლები ხასხასა მწვანე უნდა იყოს, ღეროსა და თავზე ყავისფერი წერტილები და ღარები არ უნდა ჰქონდეს.
თუ გინდათ, რომ მწნილი მალე იყოს მზად, მარილწყალი ან მარინადი თბილი უნდა დაასხათ. არავითარ შემთხვევაში ცხელი, თორემ ჩაიმთხვლევა.
ყურადღებით იყავით. ძმრის ესენციის გაუზავებლად მიღება არ შეიძლება, თორემ საყლაპავსა და კუჭს დაიწვავთ – ძმრის კონცენტრირებული მჟავაა!