,,მიკვირს, ხალხი რატომ ვერ ეგუება, რომ მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორიც ისინი” – ფრენსის მაკდორმანდი
მღვდლის ოჯახის ნაშვილები გოგონა - სამჯერ ოსკაროსანი მსახიობის ცხოვრება

,,მიკვირს, ხალხი რატომ ვერ ეგუება, რომ მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორიც ისინი'' - ფრენსის მაკდორმანდი,,სარკე”, თათია ბოჭორიძე

მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი ჰოლივუდის ვარსკვლავ მერილ სტრიპს გაუთანაბრდა და კარიერაში მესამე “ოსკარი” მოიპოვა.

წარმატებამდე იყო მძიმე ბავშვობა.ბიოლოგიური მშობლები არასოდეს უნახავს. სავარაუდოდ, მისი დედა ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი იყო. სწორედ ამ ეკლესიის მღვდელმა, ვერნონ მაკდორმანდმა და ექთანმა, ნორინმა, კანადელმა ცოლ-ქმარმა, იშვილეს გოგონა, შეუცვალეს სახელი და გვარი და აღზარდეს. მათ კიდევ ორი ბავშვი ჰყავდათ ნაშვილები.

მაკდორმანდები ძალიან რელიგიურები იყვნენ და ბავშვობაში ფრენსისიც იზიარებდა ოჯახის შეხედულებებს, ზაფხულობით ქრისტიანულ ბანაკებსაც სტუმრობდა.

– მღვდლის ოჯახში გაზრდა არ იყო იოლი. ყველა აქცევდა ყურადღებას, როგორ ვიქცეოდი. სამაგალითოდ და მისაბაძად ვიქცეოდი, სანამ კოლეჯში ჩავაბარებდი, აი, მერე კი დავიწყე წესების დარღვევა, – ასე იხსენებს ბავშვობას ფრენსისი.

მსახიობს ბიოლოგიური შვილი არ ჰყავს. 1994 წელს 6 თვის პარაგვაელი ბავშვი იშვილა, პედრო მაკდორმანდ-კოენი.

როგორც თავად ამბობს, ვარსკვლავობაზე არასოდეს უოცნებია:

– არასოდეს მიფიქრია ჩემს თავზე, როგორც კინოვარსკვლავზე. ძალიან მიკვირს, ხალხი რატომ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორიც ისინი. მიჭირს ჩემი ფანების წარმოდგენა. ზუსტად ვიცი, რომ არსებობენ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არიან. მათ შესახებ უფრო მეტი კარიერის დასაწყისში ვიცოდი და ისინი ძირითადად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრები იყვნენ, – თქვა ოსკაროსანმა მსახიობმა იმავე ინტერივუში.

ჟურნალისტის შემდეგი კითხვა ფრენსისის გარეგნობას ეხებოდა, რაზეც მსახიობმა ღიმილით უპასუხა:

– მე ვარ ქალი, რომელიც ისეთია, როგორსაც ხედავთ, ყოველგვარი ბოტოქსისა და სილიკონის გარეშე და არასდროს ვცდილობ, გამოვჩნდე იმაზე უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში ვარ.