ეკა ბალანჩივაძე: ,,ჩემი ქმრის ცხოვრებაში ღმერთი თავიდან გამოჩნდა”

ეკა ბალანჩივაძე: ,,ჩემი ქმრის ცხოვრებაში ღმერთი თავიდან გამოჩნდა"ეკა ,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის, ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. კოტეს მთავარ სამაგიდო წიგნად სახარება იქცა, ხოლო ვისკი და ალკოჰოლით გატაცება წარსულში დატოვა. პლასტიკური ქირურგიიდან კოტემ ესთეტიკურ მედიცინაში გადაინაცვლა და დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

ეკასა და კოტეს სიყვარულის ამბავი სამ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მათმა ურთიერთობამ აღმაფრენასთან ერთად გამოცდებიც გამოიარა, რის შესახებაც ექიმის მეორე ნახევარი ,,სარკეს” უყვება:

-ბევრი რამ შეიცვალა ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში, ამაში კოტემაც ითამაშა თავისი როლი და პანდემიამაც. მისი ხელშეწყობით ბევრი რამ ძალიან ადვილად გამომდის.რაც კოტეა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მშვიდად ვარ.

ვცდილობთ, მეტი დრო ვიყოთ ერთად, ვიდრე რუტინულ სამსახურეობრივ საქმეებში გადავეშვათ. ასე რომ, კოტემაც შეიცვალა სამსახური და მეც – ნაწილობრივ. ორივემ გავიმარტივეთ ცხოვრება.

-კოტემ მიატოვა საყვარელი საქმე – პლასტიკური ქირურგია, შეიცვალა ცხოვრების წესი, აღიარა, რომ ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამისაგან გათავისუფლდა. ამ ყველაფერში თქვენი ხელი ურევია?

-კი, მთავარი როლი მე ვითამაშე. ზოგადად, საქართველოში ხომ მიღებულია ყოველდღე სმა და რატომღაც თვლიან, რომ ასეთი ადამიანი კარგი მოქეიფეა. რეალურად ეს მოქეიფეები ალკოჰოლიკები არიან. კოტე ძალიან ბევრს სვამდა, ძირითადად ვისკის და არაყს.

-როგორი იყო თქვენი მიდგომა, როგორ დაანახეთ, რომ ეს მისთვის დიდი პრობლემა იყო? 

-თავიდან ლმობიერი ვიყავი, ბოლოს კონფლიქტამდე მივედით. როდესაც დაინახა, რომ ალკოჰოლის სიყვარულის გამო შეიძლებოდა დავეკარგე, არჩევანი გააკეთა. მისმა შვილებმაც იგივე უთხრეს, რასაც მე ვეუბნებოდი. თვითონ ეგონა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, რადგან მათ ფინანსურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, რეალურად კი მათ მამასთან ურთიერთობა უნდოდათ, რაც ალკოჰოლის დაძლევის შემდეგ უფრო მეტია. ჩვენ კოტე გვჭირდება მორალურად და სულიერად ძლიერი. ახლა კოტეც ბედნიერია და ჩვენც.

– ის დრო, რასაც კოტე ვისკისთან ურთიერთობაში ატარებდა, რით შეივსო?

– მის ცხოვრებაში ღმერთი თავიდან გამოჩნდა. ის ყველაფერი შეივსო სულიერებით, კითხულობს სახარებას… ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ის ერთგვარად კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. სახარება ორივესთვის სამაგიდო წიგნია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”