,,არ მინდოდა, ჩემი და თამრიკო გვერდწითელის ოჯახი დანგრეულიყო” – გიორგი კახაბრიშვილი თავის დიდ სიყვარულზე

,,არ მინდოდა, ჩემი და თამრიკო გვერდწითელის ოჯახი დანგრეულიყო" -  გიორგი კახაბრიშვილი თავის დიდ სიყვარულზე,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ცნობილი ტელერეჟისორი, დაუვიწყარი ტელესპექტაკლების შემქმნელი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი 20 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

47 წლის წინ საახალწლოდ დადგმული ტელესპექტაკლი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” მისი პირველი და უზარმაზარი აღიარება იყო. ამას მოჰყვა ,,უჩინმაჩინის ქუდი” და ბევრი სხვა ტელესპექტაკლი. მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე იყო და მას მიიჩნევდა თავის პროფესიულ მამად.

სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცს ქალები, რა თქმა უნდა, სწყალობდნენ, მან კი არჩევანი 15 წლით უმცროს გოგონაზე,ამომავალ ვარსკვლავზე, ,,მზიურელ” თამრიკო გვერდწითელზე შეაჩერა. მათი ცოლქმრობა 14 წელიწადს გაგრძელდა. გიორგი კახაბრიშვილი ყოველთვის ამაყობდა მეუღლესთან გატარებული ლამაზი წლებით. ,,სარკესთან” ყვებოდა:

-მე ყველაზე კარგად ვიცოდი თამრიკოს პოტენციალი, ამიტომაც მისი ნებისმიერი წარმატება გულწრფელად მიხარია. ჩვენი ერთად ცხოვრება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მივხვდით, თამრიკოს გასაქანი მოსკოვში იყო, ჩემი – თბილისში.როდესაც თამრიკოს რუსეთში რეალური პერსპექტივები დაესახა, მასთან ერთად წავედი, მიმყავდა და მომყავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამას მძღოლიც გააკეთებდა, ჩემი შემოქმედებითი პოტენციალი დაიკარგა. ამიტომ დავბრუნდი თბილისში.

ჩვენი ურთიერთობა ჩხუბით არ დასრულებულა, უბრალოდ ცხოვრებამ თავისი პირობები შემოგვთავაზა.ოჯახის დანგრევის მომხრე არ ვიყავი.

-თქვენი ოჯახური ცხოვრებიდან ყველაზე ლამაზად რა გახსენდებათ?

-15 წლით უფროსი ვარ მასზე. ვინმე სტუმართან რომ მინდოდა თავის მოწონება, ვეტყოდი, მოუსმინეთ “მზიურს”, განსაკუთრებით ამ ბავშვს და ნახეთ, რა ხმას გაიგონებთ-მეთქი.მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ბავშვი ჩემი ცოლი გახდებოდა.

შემდეგ თამრიკო ტელევიზიის ორკესტრში სოლისტად მოვიდა და უკვე სულ სხვა ახალგაზრდა ქალი იყო..სხვა ადამიანები აღმოვაჩინეთ ერთმანეთში.

-რამეს ნანობთ?

-არაფერი მაქვს სანანებელი და ამას არც ჩემს შვილს ვაკადრებ. ჩემს ცხოვრებაში იყო საუკეთესო პერიოდი და საუკეთესო შვილიც მყავს.

-ძნელია მარტოობა? თქვენ ხომ თამრიკოს შემდეგ ცოლი აღარ მოგიყვანიათ.

-არ ვთვლი, რომ მარტო ვარ, სანდრო თავის არდადეგებს ყოველთვის ჩემთან ატარებს.