ადიგენელმა მარიკა შაინიძემ შეიხიც კი გააცურა – ახალი დეტალები საუკუნის ძარცვაზე

ადიგენელმა მარიკა შაინიძემ შეიხიც კი გააცურა - ახალი დეტალები საუკუნის ძარცვაზეერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა ერაყის ისტორიაში – ,,კურიერმა” გაარკვია ძარცვაში მონაწილე ქართველების მისამართები. ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არიან რეგისტრირებული. მათ ადგილობრივი შეიხის სახლი გაქურდეს.

ერაყული პოლიციის ინფორმაციით, აკაკი საგინაძემ, ცოტნე მჭედლიძემ და თენგიზ შაინიძემ 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ვერ დააკავა ქალი, რომელიც ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მან ქვეყანა დატოვა და თან მხოლოდ 20 ათასი დოლარი წაიღო.

შეიხის საცხოვრებელთან დამონტაჟებული ფარული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გააქვთ ნაძარცვი საქართველოს მოქალაქეებს.

,,კურიერმა” გაარკვია, რომ ძარცვაში მონაწილე 2 პირი ადიგენელი ცოლ-ქმარი მარიკა და თენგიზ შაინიძეები არიან. ისინი წლების განმავლობაში ერაყში ცხოვრობდნენ. მარიკა შაინიძე მილიონერი შეიხის სახლში რამდენიმე წელი მუშაობდა. დეტალურად იცოდა, სად ინახებოდა მეპატრონის ფული და ოქრო.

მილიონობით დოლარის და მოპარული ოქროს დიდი ნაწილი ნაძვნარის ტყეში, მიწაში დამარხეს, ნაწილი კი თან წაიღეს და მიიმალნენ. დანაშაულში მხილებული ვერცერთი ქართველის ადგილსამყოფელს პოლიცია ამ დრომდე ვერ ადგენს. დამარხული ოქრო და მილიონები კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ გეგმაში დასახმარებლად მარიკა შაინიძესთან მეუღლე და ახლობლები საქართველოდან ჩავიდნენ. ქურდობის დღეს, შეიხისთვის სანდო დამხმარე ქალი სახლში მარტო იყო. გამოძიების ინფორმაციით, ფარულ კადრებში ასახული პირები თენგიზ შაინიძე, ცოტნე მჭედლიძე და აკაკი საღინაძე არიან.

ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულთა ნაწილმა თავი თურქეთს შეაფარა. შეიძლება დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. გამოძიების თქმით, მიწაში დამარხული ნაძარცვის წაღებას სხვა კრიმინალები აპირებდნენ.

რუსთავი 2