სტომატიტი ბავშვებში – როდის მიმართოთ სტომატოლოგს

სტომატიტი ბავშვებში - როდის მიმართოთ სტომატოლოგს,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს შორის ვირუსული წარმომავლობის დაავადებები ჭარბობს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული სტომატიტია. ეს დაავადება ძირითადად 6 თვიდან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს. საინტერესოა, რატომ ჩნდება და როდის არის საჭირო სტომატოლოგის კონსულტაცია.

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების კრებითი დასახელებაა, რომელიც იწვევს ტკივილს, კვების და შეიძლება საუბრის გაძნელებასაც. ის მხოლოდ პირის ღრუში ჩნდება წყლულების, ეროზიების ან აფთების სახით. დაავადების დროს პირის ღრუში მტკივნეული ბუშტუკები ჩნდება, რომლებიც შეიძლება მექანიკური გაღიზიანების დროს სისხლმდენიც იყოს. ბავშვს შეიძლება სიცხეც მისცეს, აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე. დედიკოს სახლის პირობებში მდგომარეობის შემსუბუქება ტკივილგამაყუჩებელებით, პირის ღრუს სავლებებით შეუძლია, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლავთ.

სტომატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები, ასევე სხვადასხვა დაავადებები, როგორებიცაა, მაგალითად, ალერგიული, აუტოიმუნური, ნაწლავების ანთებითი დაავადებები და სხვა. შესაძლებელია გამომწვევი მიზეზი ტრავმაც გახდეს, მათ შორის, დაზიანებული კბილები და პირის ღრუში არსებული ორთოდონტიული კონსტრუქციები, რომლებიც ლორწოვან გარსზე მუდმივად ზემოქმედებს. მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ჰორმონული ცვლილებები და ემოციური ფონიც.

პირის ღრუს ლორწოვან გარსზე მტკივნეული უბნების გაჩენის შემთხვევაში სასურველია სტომატოლოგის კონსულტაცია, რათა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. ეს მნიშვნელოვანია, რათა თქვენს შვილს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც არ შეექმნას.

თუ ბავშვს სტომატიტის გამონაყარი ხშირად აღენიშნება (მაგალითად, თვეში ერთხელ), ტკივილი გრძელდება, პათოლოგიური უბნები არ ხორცდება და დაზიანებული კერა 2 კვირის განმავლობაში არ ლაგდება, ბავშვთა სტომატოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.