,,მეზობელს კეთილი რჩევა მივეცი და ამის გამო სამუდამოდ დავკარგე”

,,მეზობელს კეთილი რჩევა მივეცი და ამის გამო სამუდამოდ დავკარგე",,სარკე”

დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს – როგორ უნდა მოვქცეულიყავი იმ მომენტში. პასუხი კი ყოველჯერზე ერთი და იგივე მაქვს – ზუსტად ისე, როგორც მოვიქეცი.მოგიყვებით, როგორ დავკარგე მეზობელი მის გამო, რომ მას კეთილი რჩევა მივეცი.

მეზობელი ოჯახის წევრივით მყავდა. ერთ დღეს ეს ქალბატონი მოვიდა და ვითომ აღელვებულმა მითხრა, ჩემმა გოგომ გათხოვება გადაწყვიტა, ფაქტის წინაშე დაგვაყენა და არ ვიცი, ის ბიჭი როგორ შევამოწმო. მინდა, გავიგო, ვის მიჰყვება ცოლადო.

სახელი, გვარი და უბანი რომ მითხრა, თავში ხელები შემოვირტყი, ეგ ბიჭი ჩემი მშობლების უბანში ცხოვრობს, ,,წამალზე” ზის და ნარკოტიკების გამო დედასაც გაყიდის-მეთქი.შეიცხადა, ნუთუ მართალიაო.

მაშინვე ავიღე ტელეფონი, დედაჩემს დავურეკე და ამ ბიჭზე ვკითხე. დედაჩემმაც ალალად მითხრა,სულ ქუჩაში დგას და ახლომახლო თუ სადმე ცუდი ბიჭია, მაგის გარშემო ტრიალებსო. დედაჩემის ამ სიტყვებს მეზობელი ისმენდა. უხმოდ ადგა და წავიდა.

მეგონა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი უბედურებას გადავარჩინე.  მესამე დღეს კი გავიგე, რომ ნიშნობა ჰქონდათ. შევუვარდი და ვუთხარი, თუ უკვე ნიშნობა გქონდათ გადაწყვეტილი, მე რაღას მეკითხებოდი-მეთქი. წარმოუდგენელი პასუხი გამცა, შენ და დედაშენს შეგშურდათ, ჩემი შვილი მდიდარი ოჯახის შვილს რომ მიჰყვებოდა ცოლად და ჩემი სიძე ამიტომ აძაგეთო. ჩამომითვალა, რამდენი ოქრო და ბრილიანტი მიუტანეს, სახლში რა დაახვედრეს. მითხრა, ჩემი სიძე შენს ძმებს რომ სჯობია,ამიტომ გასკდით გულზეო.

სიძის დედა ჩემებს მიუვარდა. დედამ მისაყვედურა, შვილო, ეს რა შარს გადაგვკიდეო. ასე დავისაჯე ჩემი სიკეთის გამო.

,,სარკის” მკითხველი