ლევან ხურცია: ,,ჩემი და მარიამის ურთერთობაში იყო პრობლემებიც, კამათიც”

ლევან ხურცია: ,,ჩემი და მარიამის ურთერთობაში იყო პრობლემებიც, კამათიც'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობმა ლევან ხურციამ პანდემიის პერიოდი ოჯახური საკითხების მოგვარებას დაუთმო. სახლის მშენებლობა წამოიწყო, საძირკველი გათხარა, კედლებიც ამოიყვანა და გადახურა კიდეც. ამ მიზანმა და ფიზიკურმა შრომამ მსახიობს ,,ჩაკეტვის” პერიოდი მარტივად გადაატანინა.

წარმატებულმა და პოპულარულმა მსახიობმა 7 წლის წინ ცხოვრება ასევე წარმატებულ და პოპულარულ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირა. წყვილი ორ ვაჟს ზრდის – მარიამის უფროს შვილს პირველი ქორწინებიდან, გიორგის და საერთო შვილს, 5 წლის ალექსანდრეს. ოჯახურ ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებაზე ლევან ხურცია ,,სარკეს” ესაუბრა.

-მუხათწყაროში მაქვს აგარაკი და სახლს ვაშენებ. ჩემი ხელით დავიწყე ყველაფრის გაკეთება. მართალია, ჯერ ვერ დავამთავრე, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ პროცესში და გასაკუთრებით ვამაყობ. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ სახლი მე ავაშენე.

– როგორია თქვენი და მარიამის ურთიერთობა ამ ეტაპზე, რუტინის საფრთხე აიცილა თქვენმა ცოლქმრობამ?

– ურთიერთობის დასაწყისში მეც და მარიამიც ვცდილობდით, ერთმანეთისთვის ხელი შეგვეწყო. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, კამათიც. ეს ხან ეხებოდა მარიამის გახმაურებულ საქმეებს, ხან ჩემს წასვლებს საზღვარგარეთ გადაღებებზე… გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი გრძნობები და ვხვდებოდით, რომ პრობლემების გადალახვა შეგვეძლო.

ოჯახის შექმნა იმ ასაკში გადავწყვიტეთ, როდესაც ყველაფერი გააზრებული გვქონდა. ერთსაც გვქონდა ნანახი ცხოვრება და მეორესაც, ორივეს გვინდოდა ოჯახი, სიმშვიდე, სიწყნარე და ჰარმონია. როცა საქმეს, ბავშვებს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, პირად ცხოვრებაშიც ჰარმონიაა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ერთად ჰარმონიულად ცხოვრება გამოგვდის.

– მარიამს არაერთხელ უთქვამს ჩვენთვის ინტერვიუებში, რომ მისი სკანდალური საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად მოგსვლიათ კამათი.

– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ იყო კამათი და უთანხმოება. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ორივე ვართ საზოგადოების ხახაში. კარგს გავაკეთებთ თუ ცუდს, ყოველთვის განსჯის საგანი ვხდებით. საბედნიეროდ, ურთიერთგაგებით და ერთმანეთის პატივისცემით ყველაფერი გადაგვიტანია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”