გერმანიაში 8.000 ადამიანს კოვიდის ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს

გერმანიაში 8.000 ადამიანს კოვიდის ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთესგერმანიაში ექთანმა რვა ათას ადამიანს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. პოლიცია ფრისლანდიაში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში მომხდარ ინციდენტს იძიებს.

იმ პირთა უმრავლესობა, რომელთაც ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს, 70 წელს გადაცილებულია და პანდემიის პირობებში მათ საფრთხე ემუქრებათ.

გამოძიების ცნობით, 40 წლის ექთანი, რომელიც პოლიციამ რამდენჯერმე დაკითხა, სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და მთავრობის მიერ დაწესებულ კოვიდშეზღუდვებს არ ემხრობა.

აპრილში ექთანმა პოლიციას უთხრა, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი სულ ექვს პაციენტს შეუყვანა, რადგან ვაქცინის ერთი ფლაკონი დაუვარდა და არ სურდა, რომ ეს ვინმეს გაეგო.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაცილებით მეტმა ადამიანმა მიიღო.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ექთანს პოლიტიკური მოტივი ამოძრავებდა.

დაზარალებულთაგან 3.600-მა ადამიანმა უკვე დაგეგმა ხელმეორედ ვაქცინაცია.

პირველი არხი