“დროის მანიაკი ვარ” – პანკისელმა ამინა ხანგოშვილმა ერთიან გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღო

"დროის მანიაკი ვარ" - პანკისელმა ამინა ხანგოშვილმა ერთიან გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღოამინა ხანგოშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია. მან პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლა დაამთავრა. ინგლისურში 79 ქულა აიღო 80-დან, ისტორიაში 60-დან 58, ხოლო ქართულში 67 ქულის მოპოვება შეძლო 70-დან.

– ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით, უძილო ღამეებითა და მუშაობის 24-საათიანი რეჟიმით მივაღწიე. ხშირად ჭამაც კი მავიწყდებოდა, ვერ ვიმეტებდი დროს ამისთვისაც კი. ნამდვილი დროის მანიაკი ვარ.
– საგნებში დამატებით ემზადებოდი?
– არც ინგლისურში და არც ისტორიაში კერძო რეპეტიტორთან არ მივლია. ერთადერთი, ქართულში ჩვენი სკოლის მასწავლებელთან დავდიოდი. შესაბამისად, ფინანსური რესურსი მომზადებაში არ დამიხარჯავს.
– სკოლაში როგორ სწავლობდი?
– სკოლაში ოქროს მედალოსანი ვარ, თუმცა წიგნებს თავს არ ვაკლავდი, პარალელურად, სხვა უამრავ რაღაცას ვაკეთებდი, თუმცა როგორღაც ვახერხებდი, რომ ყოველთვის მეპასუხა.
– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე როგორი სირთულის ტესტები იყო?
– ქართული იყო სტანდარტული ტიპის, ინგლისურში აბიტურიენტთა უმრავლესობა მოსასმენ დავალებაზე ამბობდა, გართულებული იყოო, თუმცა მე პირველივე მოსმენისას დავიჭირე ყველაფერი და პარალელურად მეორე დავალებასაც კი გადავავლე თვალი.

ისტორიის ტესტები წინა წლებთან შედარებით, გართულებული იყო, თუმცა, ჩემი აზრით, კარგიც გააკეთეს, რომ გაართულეს, გამოცდას დაემსგავსა ასე.
– ქართულ ენასა და ლიტერატურაში ასეთ კარგ შედეგს როგორ მიაღწიე?
– ქართულში მომზადება სექტემბრიდან დავიწყე. არ გამჭირვებია, ყოველი გაკვეთილი მიხაროდა, რადგან ლიტერატურა და მხატვრული ანალიზი იყო ის, სადაც ყველა კლიშეს ვამსხვრევდი და გავდიოდი შაბლონური აზროვნებიდან.
ბევრს გაუხარდა, უამრავი ადამიანი მწერდა და მილოცავდა, მთელი ხეობა ამაყობდა. ჩემი ამბიციები უსაზღვროა და ეს მხოლოდ დასაწყისია!

მშობლები