თამაზ თამაზაშვილი: ,,ჩემი სიძე ვაჟკაცურია, პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის”

თამაზ თამაზაშვილი: ,,ჩემი სიძე ვაჟკაცურია, პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის''თამაზ თამაზაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ,,სარკესთან” ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს:

– ირაკლის ვიცნობდი, ვიცოდი, რომ ნორმალური ბიჭი იყო. მოვიდა, გოგოს ხელი მთხოვა და გავატანე. ცოტა მოულოდნელი კი იყო მისგან ჩემი ქალიშვილის ხელის თხოვნა, მაგრამ მომეწონა და გავატანე. ვაჟკაცური, ინტელექტუალური, მაგარი ბიჭი იყო. ჩემი სიძე პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის. წარმატებული კიკბოქსინგელი იყო. ერთი პერიოდი საფრანგეთის ჩემპიონატზეც გამოდიოდა, როცა იქ სწავლობდა, სორბონის უნივერსიტეტში.

– სასიმამრომ გამოცდა არ მოუწყვეთ სიძეს თუნდაც ღვინის სმაში?

– არა. სულ სწავლობდა, ვარჯიშობდა, საქმეს აკეთებდა, სად ჰქონდა სმის დრო. გამოცდა აღარ სჭირდებოდა. ბავშვებსაც ეკლესიურად, ჯანსაღი ცხოვრების წესით ზრდიან.

თქვენი ქალიშვილი, ნუნუკა ვის ჰგავს?

– მეც მგავს და ჩემს მეუღლესაც. ორივესგან მხოლოდ კარგი აქვს აღებული. ყველაფერი ეხერხება, მაგარი გოგოა. უყვარს მშობლები, ქმარი-შვილი. ნუნუკა ეკლესიური, წყნარი გოგოა, მაგრამ თუ მის ოჯახს გაუჭირდა, ცხენიდან კაცს ჩამოაგდებს, ძლიერი ხდება. მაგარი ფსიქიკა აქვს. მე რომ დაჭერილი ვიყავი, არც ჩემი მეუღლე გატყდა და ჩემი შვილებიც ვაჟკაცურად დადგნენ, სიკვდილს ჩახედეს თვალებში. ნუნუკამ ყველაფრის გაკეთება იცის, ხინკლიდან დაწყებული და მჭადებით დამთავრებული. კარგ კერძებს ამზადებს.

– ირაკლის განსაკუთრებით რა უყვარს ცოლის ნახელავიდან?

– ხინკალი. კარგ ხინკალს აკეთებს ნუნუკა.

– მძახლებთან ახლო ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი ხალხია, ვმეგობრობთ. დედოფლისწყაროში ცხოვრობენ. ინტელექტუალური ადამიანები არიან. ირაკლი გონიერი ბიჭია. რაც კარგია, იტაცებს, რაც ცუდია, ახლოს არ იკარებს, ვინც გინდა, უთხრას. თვითონ წყვეტს, რა გააკეთოს. ხომ უყურებთ, რომ გამოდის, როგორ საუბრობს.

– საქართველოს პირველ ლედად თქვენი ქალიშვილი დასახელდა. ეს სტატუსი როგორ მიიღო თავად მან და თქვენმა ოჯახმა?

– ამ ამბავმა დიდი უხერხულობა შეგვიქმნა. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ. ადრე თავისუფლად დავდიოდი, ჩემთვის ვიყავი, ახლა ნახეთ, რა დღეში ვარ, რამდენი ვინმე დგას ჩემს კაბინეტთან. აქედან ნახევარი თაღლითია. ერთი აქ შემოდის, მეორე გარეთ ელოდება. გადის და ალბათ იმას ეუბნება, საქმე უკვე ჩავაწყვეო. ვიღაც დაინახავს, რომ ჩემთან შემოვიდა და გორდება ამბავი. მილიარდი რომ მომცენ და უფლება მქონდეს, ერთი გოჯი მიწა გავყიდო, არავის დავუთმობ!

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე, 2014 წელი