ქეთი დოლიძე: ,,ლევან უჩანეიშვილმა შოკში ჩამაგდო!” – რა ხდებოდა ,,კუკარაჩას” გადაღებებზე
ფილმი, რომელმაც 38 წლის წინ 45 მილიონი მაყურებელი შეაგროვა

ქეთი დოლიძე: ,,ლევან უჩანეიშვილმა შოკში ჩამაგდო!" - რა ხდებოდა ,,კუკარაჩას" გადაღებებზე,,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი

“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი ღმერთმა გვარგუნა… და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამქვეყნიდან”, – წერდა ნოდარ დუმბაძე თავის მოთხრობაში ,,კუკარაჩა”. ამავე სახელწოდების ფილმი 1983 წელს პირველად იხილა მაყურებელმა. სასიყვარულო სამკუთხედის დრამამ არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის კინოეკრანი მოიარა.

მას შემდეგ ათეულობით წელია გასული და მთავარი როლების შემსრულებლები საოცარი სიყვარულით იხსენებენ გადაღებებს. სხვათა შორის, ამ პერიოდში შემოქმედებითმა ჯგუფმა მნიშვნელოვანი ,,ძვრები” განიცადა – რეჟისორის მშობიარობა და მთავარი გმირის ქირურგიული ოპერაცია, მაგრამ მუშაობის პროცესი არ შეუწყვეტიათ.

სამი ოსტატის მიერ დალოცვილი გზა

ქეთი დოლიძე: ფილმი მთლიანად ჩემი გადაღებულია და ტიტრებში სიკო დოლიძე (ქეთი დოლიძის მამა. ავტ.) სიმბოლურად წერია. პირველივე დღეს, როდესაც ფილმის გადაღება გადავწყვიტეთ, მამა ავად გახდა, ლოგინად ჩავარდა. შემდეგ კი მას, ნოდარ დუმბაძეს და მიშა თუმანიშვილს უკვე დამთავრებული ფილმი, მაგრამ შავი მასალა ვაჩვენე. სამივეს ძალიან მოეწონა, დამლოცეს და მადლობა მითხრეს. უკვე გახმოვანებულ და მთლიანად შეკრულ ფილმს, სამწუხაროდ, მამაჩემი ვეღარ მოესწრო. მისი სახელი ტიტრებში სიმბოლურად მაინც მივუთითე.

გადაღების პირველ დღეს, სანამ საქმეს შევუდგებოდით, მე, ნინელი ჭანკვეტაძემ, ზაზა კოლელიშვილმა და ლევან უჩანეიშვილმა ავიღეთ შამპანურები და ჯერ ბატონ ნოდართან მივედით, შემდეგ – მამაჩემთან. იმ პერიოდში, ორივე ავად იყო, იწვნენ. ასე დაგვილოცეს გზა.

ცისფერთვალება კუკარაჩა

ქეთი დოლიძე: თავიდანვე ვიცოდი, ჩემს ფილმში ვის უნდა ეთამაშა. კუკარაჩას როლზე ლევან უჩანეიშვილის კანდიდატურას თითქმის ყველა ეწინააღმდეგებოდა, რეზო ჩხეიძის, ირაკლი კვირიკაძის და რეზო ესაძის გარდა. დანარჩენებმა გამაკრიტიკეს, ცისფერთვალება კუკარაჩა რა არისო. მე კი ვუთხარი, ის უნდა იყოს გმირი და ასეთი ლევანია-მეთქი. მაინც ჩემი გავიტანე!

ახალნამშობიარევი რეჟისორი

ქეთი დოლიძე: შუა გადაღებების დროს ქალიშვილი გავაჩინე. ორი კვირა ტაიმ აუტი ავიღე და შემდეგ გადასაღებ მოედანზე დავბრუნდი. მშობიარობიდან მე-12 დღეს ბატონი რეზო ჩხეიძის კაბინეტში რომ შევედი, მან თქვა: ,,არა, არა, ეს არ შეიძლება ნორმალური და რეალური იყოს!”. გადაღებებს შორის ინტერვალში გავიქცეოდი, თამრიკოს ვაჭმევდი და მოედანზე ვბრუნდებოდი.

თმაშეღებილი ლევანი

ქეთი დოლიძე: იმ სცენის გადაღება, როცა კუკარაჩა ანიკოსთან პირველად მიდის, ზაირა ანთელავას ბინაში მიმდინარეობდა. იმ სახლის ატმოსფერო ძალიან მიყვარდა, იქ სხვა ფილმებიც გადავიღე. ეს იყო ძველებური სტილის ულამაზესი სახლი, რომელიც ტაბიძის ქუჩის 22 ნომერში მდებარეობდა.

ლევანი რომ შემოვიდა, გავოცდი, ვიფიქრე, ნეტა, რას სჭირს-მეთქი. თურმე საპარიკმახეროში წავიდა და თმა შავად შეიღება. ეს იყო შოკი! ვუთხარი, როგორ გაბედე და ჩემ უკითხავად შეიღებე-მეთქი. არ უხდებოდა. იმ ეპიზოდში, სადაც კუკარაჩა სიგარეტის მავნებლობაზე ყვება, ლევანის თმა შესამჩნევად მუქია. დანარჩენ ეპიზოდებში ფერი გადაუვიდა.

45 მილიონი მაყურებელი – რეკორდული ჩვენება

ქეთი დოლიძე: კანის ფესტივალზე, ბაზრობაზე წაიღეს და 38-მა ქვეყანამ მაშინვე იყიდა. ფილმი დღემდე იყიდება. ეს ფილმი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია, ჩემი პირველი სიხარული და სიყვარულია.1984-85 წლების მონაცემებით, კინოგაქირავების მხრივ 45 მილიონი მაყურებელი შეაგროვა. წესით, ჰონორარი კიდევ 3-ჯერ უნდა მიმეღო, თუმცა ის თანხა იმ ქართულ ფილმებზე გადანაწილდა, რომლებმაც მაყურებელი ვერ მოაგროვა.