მაიკლ ფასბენდერი: ,,მიჭირს იმის დაჯერება, რომ ქალები ჩემზე გიჟდებიან”

მაიკლ ფასბენდერი: ,,მიჭირს იმის დაჯერება, რომ ქალები ჩემზე გიჟდებიან",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

43 წლის მაიკლ ფასბენდერი დღესდღეობით ერთ-ერთი წარმატებული მსახიობია ჰოლივუდში. ის იმ გამონაკლის მსახიობთა რიცხვშია, რომელთაც პროფესიული განათლება აქვთ მიღებული.

სანამ მსახიობი გახდებოდა, მუშაობდა ბარმენად, ფოსტალიონად და ფაბრიკაში ყუთების გადმომტვირთავად. თავიდან სამსახიობო კარიერაში არ უმართლებდა და ერთი პერიოდი იმასაც ფიქრობდა, რომ ამ პროფესიაზე ხელი აეღო, მაგრამ ტელესერიალ ,,ჰექსში” აზაზელის როლმა იხსნა და დღეს მაიკლი ჰოლივუდის ვარსკვლავია.

ფასბენდერი ძირითადად რთულ და ღრმა პერსონაჟებს განასახიერებს. ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს ჰკიდებს, 100 პროცენტით ხარისხიანად აკეთებს. რეჟისორები ამბობენ, რომ გადაღებების დაწყებამდე მაიკლს შეუძლია, 300-ჯერ მაინც წაიკითხოს სცენარი. თავად მსახიობი ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

– ნახევრად გერმანელი ვარ და ჩემი დისციპლინა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი სწორედ ამის დამსახურებაა.

მაიკლი მამის სამშობლოში, გერმანიაში დაიბადა. როცა 2 წლის იყო, მისი ოჯახი ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისმა რესტორანი შეიძინა და შეფ-მზარეული გახდა. დედა იქ უფროს მიმტანად მუშაობდა. როცა ბიჭუნა წამოიზარდა, მშობლებს რესტორნის საქმეებში ეხმარებოდა.

მაიკლი ბავშვობაში სტიქაროსანი იყო იმ ეკლესიაში, რომელშიც მისი მშობლები დადიოდნენ.

ფასბენდერი თამამია, შეუძლია კამერის წინ შიშველმა ითამაშოს. ძალიან უყვარს სიჩქარე.

2010 წელს მაიკლს ყოფილმა შეყვარებულმა სასამართლოში უჩივლა, იგი ცემისთვის კომპენსაციის სახით 15 000 დოლარს ითხოვდა. ფასბენდერის ადვოკატებმა იმდენი მოახერხეს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდა.

ამის შემდეგ ხანმოკლე რომანები ჰქონდა მსახიობებ ზოი კრავიცთან და ლიზა ბონეტისთან.

შემდეგი რომანტიკული გატაცება დაახლოებით ერთწლიანი აღმოჩნდა. მისი საყვარელი იყო მსახიობი ნიკოლ ბეჰარი. ცნობილია ისიც, რომ 2014 წელს ფასბენდერმა რუმინელ მოდელ მადალინა გენეასთან დაიწყო შეხვედრები.

საბოლოოდ კი მისი გატაცების ობიექტი მსახიობი ალისია ვიკანდერი გახდა, რომელიც 2014 წლის ბოლოს ფილმის ,,შუქი ოკეანეებს შორის” გადასაღებ მოედანზე გაიცნო.  2017 წლის ზაფხულში საიდუმლოდ დაქორწინდნენ.

მაიკლი თითქმის არასდროს ჩნდება წვეულებებსა და ხალხმრავალ ადგილებში. აღმოჩნდა, რომ ცოტა ცინიკურად უყურებს სექსსიმბოლოს ტიტულსაც.

– თინეიჯერობის ასაკში სახეზე საშინელი აკნე მქონდა, ამიტომ გოგონებისთვის არაფერს წარმოვადგენდი. ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ქალებში სექსსიმბოლოს სტატუსით ვსარგებლობ. არასოდეს მქონია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ქალები ჩემზე გიჟდებიან, – ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.

ფოტოზე: მაიკლი და ალისია