გვინეტ პელტროუ: ,,იმდენი ურთიერთობა გავაფუჭე, გასახსენებლადაც კი საშინელებაა”

გვინეტ პელტროუ: ,,იმდენი ურთიერთობა გავაფუჭე, გასახსენებლადაც კი საშინელებაა",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

გვინეტ პელტროუ გასული საუკუნის 90-იანი წლების ლეგენდარული მსახიობი, ბიზნესლედი, დედა და მილიონობით ადამიანის საყვარელი ვარსკვლავია. მას საოცრად დახვეწილი და ელეგანტური სტილი აქვს, რაც წლების განმავლობაში მისი საფირმო ნიშანი გახდა.

სხვადასხვა დროს გვინეტი ხვდებოდა მსახიობებს ბრედ პიტს, ბენ აფლეკს, გათხოვილი იყო მომღერალ კრის მარტინზე, რომელსაც 2015 წლის აპრილში გაეყარა.

მარტო დიდხანს არ დარჩენილა, მალევე იპოვა ახალი სიყვარული რეჟისორისა და პროდიუსერის, ბრედ ფელჩუკის სახით და მასზე გათხოვდა.

პელტროუ წარსულს სინანულით იხსენებს, რადგან საყვარელ მამაკაცებთან გაშორებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

– იმდენი ურთიერთობა გავაფუჭე, გასახსენებლადაც კი საშინელებაა. ერთგული მეგობარი, კარგი და, საყვარელი ქალიშვილი და დედა ვარ, მაგრამ ურთიერთობებში ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და მუდამ ვანადგურებ მათ, – აღიარა ერთ-ერთ რადიოში სტუმრობისას.

მსახიობი იმ იშვიათი ვარსკვლავების სიაში შედის, რომლებსაც არ ჰყავთ ძიძა ბავშვებისთვის. გვინეტი კულინარიულ წიგნებს წერს. უკვე გამოსცა ორი წიგნი, რომელთაგან ერთს ,მამაჩემის შვილი” უწოდა. თავად კი თვლის, რომ არ არის აუცილებელი, მისი პროფესიის ადამიანები საოჯახო საქმიანობაში მთლად უმწეოდ გამოიყურებოდნენ. მსახიობი სიამოვნებით უძღვება საოჯახო საქმიანობას და სამზარეულოშიც ხშირად ტრიალებს.

გვინეტმა აღიარა, რომ რთული ხასიათი აქვს. საკუთარი თავის ყველაზე დიდ ნაკლად კი ცრუმორწმუნეობას მიიჩნევს, რომელსაც ვერაფრით ერევა.

აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავი მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით იკვებება. ასევე, ნატურალურ პროდუქტებს იყენებს სახისა და სხეულის მოსავლელად.

– მუდამ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო ვარჯიშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ძილიც. მკაცრ დიეტას არასდროს ვიცავ. უკვე წლებია, რაციონიდან ამოღებული მაქვს რძის ნაწარმი, წითელი ხორცი, სოიო, ყავა, ალკოჰოლი და შაქარი.

სამაგიეროდ, ყველა სხვა პროდუქტს ნებისმიერი რაოდენობით მივირთმევ და არც შიმშილი მაწუხებს, არც ზედმეტი კილოგრამები. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ფორმას ლუდის საშუალებით ვინარჩუნებ. მისი დალევის შემდეგ შიმშილის გრძნობა მიქრება და სწორედ ამის გამო არ მაწუხებს ჭარბი წონა, – არ დაუმალა თაყვანისმცემლებს მსახიობმა.

კითხვაზე ,,როგორ უვლით თავს?” გვინეტ პელტროუმ ამომწურავი პასუხი გასცა:

– არ ვარ ის ქალი, რომელსაც საცხის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ვიყენებ მხოლოდ მკვებავს. სიმართლე გითხრათ, მაკიაჟის გაკეთებაც არ მეხერხება. მხოლოდ 40 წლის ასაკში მივხვდი, რომ გარკვეული დრო საკუთარი თავისთვისაც უნდა დამეთმო, ამიტომ რეგულარულად დავდივარ კოსმეტოლოგთან. ჩემი საყვარელი პროცედურა პილინგია, რომელსაც შემოდგომასა და გაზაფხულზე ვიკეთებ. ყველა ქალს ვურჩევ, უყვარდეს საკუთარი თავი!