გიგა კვენეტაძის ცოლს ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა – ,,ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ოჯახმა თავი დაცულად იგრძნოს”

გიგა კვენეტაძის ცოლს ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა - ,,ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ოჯახმა თავი დაცულად იგრძნოს''მომღერალი გიგა კვენეტაძე თითქმის 15 წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს. ყველაფერი ნულიდან დაიწყო, რადგან იქ მას არავინ იცნობდა. რთული გზა გაიარა, სანამ საქმეშიც და პირადშიც წარმატებას მიაღწევდა.

ოჯახი მოსკოვში შექმნა, ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. გიგას და მარიანას ოჯახი რამდენიმე წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა _ მარიანას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამ ყველაფერზე გიგამ ,,სარკესთან” მაშინ ისაუბრა. როცა განსაცდელი გადალახული იყო და მისი საყვარელი ქალი რეაბილიტაციას გადიოდა.

– თქვენს პატარა ოჯახზე გვიამბეთ, როგორი ქმარი და მამა ხართ?

– ალბათ კარგი მეოჯახე დადგა ჩემგან, რადგან ოჯახზე ძალიან ვზრუნავ. ჩემი ცოლ-შვილი მიყვარს, ვაფასებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნონ.

ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია. სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები, მაგრამ ისე გადავლახეთ, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს.

ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა…

– როდის დადგინდა დიაგნოზი?

– საქართველოში ჩამოვედით და შემთხვევით შევიტყვეთ და სამ დღეში უკან გამოვბრუნდით…. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ 1 და 2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს იმ ეტაპზე, რასაც სრულიად ჯანმრთელი ჰქვია.

– ცოლ-შვილს ქართულ ენას ასწავლით?

– მარიანამ იცის ქართული, რადგან საქართველოშია გაზრდილი. სახლში ქართულად ვლაპარაკობთ.

– თქვენც რუსეთის მოქალაქე ხართ?

– კი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარს. ჩემთვის ჯერ საქართველოა და მერე – სხვა დანარჩენი. ქვეყანაში, სადაც გინდა, კარიერა გაიკეთო, მოქალაქეობაა საჭირო…

არასდროს დამავიწყდება რუსეთ-საქართველოს ომი, მაშინ ახალი წასული ვიყავი რუსეთში. 8 აგვისტოს ქართული დროშა მეკავა ხელში და ვგმობდი რუსული ჯარის შემოჭრას საქართველოში. პირველ რიგში, ჩემი ქვეყანა დავაყენე წინ და ამან ხელი არაფერში შემიშალა.