,,ერთმანეთი რომ გაიცნეს, ბაბუს სხვა ცოლი ჰყავდა, ბებო კი დასის უფროსის მეუღლე იყო” – იპოლიტე ხვიჩიას დიდი სიყვარულის ამბავი

,,ერთმანეთი რომ გაიცნეს, ბაბუს სხვა ცოლი ჰყავდა, ბებო კი დასის უფროსის მეუღლე იყო'' - იპოლიტე ხვიჩიას დიდი სიყვარულის ამბავი,,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი

,,იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია… სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო, შვილო…”, – ასე დაუბარა დიდმა ქართველმა კომიკოსმა, იპოლიტე ხვიჩიამ შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას. თვითონ მსახიობმა მართლაც ისე გალია თავისი სიცოცხლე, რომ მუდამ სიყვარულით ცხოვრობდა, მას ყველა უყვარდა, თუმცა გამორჩეული სიყვარული მისი მეუღლე ლუბა ქარქაშაძე იყო. მათ ურთიერთობაზე ლეგენდები დადიოდა.

სახელოვანი ბაბუა ,,სარკესთან” შვილიშვილმა, ავთო ხვიჩიამ გაიხსენა.

– იპოლიტე და ლუბამ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს. ბაბუას სხვა ცოლი ჰყავდა, ბებო კი დასის უფროსის, ალიოშა ალფაიძის მეუღლე იყო და ერთი ქალიშვილიც ჰყავდა – ნუნუ (დედაჩემი). იპოლიტესაც და ბებოსაც ოჯახები დაენგრათ. შემდეგ დაახლოვდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს.

ბებიამ მსახიობობას თავი დაანება. დედაჩემი გათხოვდა, ტყუპები შეეძინა (მე და ჩემი და). ლუბამ ამის გამო მუშაობაზე უარი თქვა და შვილიშვილებს გვზრდიდა. რადგანაც იპოს შვილი არ ჰყავდა, მათ ნათესაობაში სულ გოგოები იყვნენ და გვარის გამგრძელებელი არავინ იყო, მე თავის გვარზე გადამიყვანა. ტყუპებს ხომ არ დაგვაშორებდა და მანანაც ხვიჩიას გვარზე გადაიყვანა, მე კი დაბადების მოწმობაში იპოლიტეს ძედ ჩამწერა. მე და ჩემი და ბებიამ და ბაბუამ გაგვზარდეს.

მათი ცოლქმრობა ყველასთვის სამაგალითო იყო. რომ იტყვიან, ერთმანეთს სულში იძვრენდნენ.

იპოლიტე ლოგინად რომ ჩავარდა, ლუბა გვერდიდან არ შორდებოდა. ორი-სამი წელიწადი ძალიან ცუდად იყო, სულ იწვა, ფეხზე ვერ დგებოდა. მერე კი ექსტრასენსმა ჯუნა დავითაშვილმა უმკურნალა და მალე ფეხზე წამოდგა, ჯოხით დადიოდა, კიბეზე ჩავიდოდა, ამოვიდოდა. ამის მერე ბაბუამ კიდევ რამდენიმე წელიწადი იცოცხლა, ბებოს ნერვიულობის ფონზე ინსულტი დაემართა. ბაბუას გარდაცვალებიდან დაახლოებით ორ წელიწადში ბებოც გარდაიცვალა. ამქვეყნიდანაც თითქმის ერთდროულად წავიდნენ.

გაბრაზებული იპოლიტე

–  ერთი სახალისო ამბავი მახსენდება. ფილმის გადაღება რუსეთში მიმდინარეობდა. მსახიობებმა გადაწყვიტეს, ცოლ-ქმარს გახუმრებოდნენ. მეგი წულუკიძემ ლუბას დაურეკა და უთხრა, დროულად ჩამოდი, თორემ რუსი ქალები ქმარს წაგართმევენ, მის კოტეჯთან მუდმივად კიბეა მიდგმულიო. ბებიაც სასწრაფოდ გაემგზავრა. როცა იპოლიტეს კოტეჯთან მივიდა, დაინახა, რომ მართლაც კიბე იყო მიდგმული და იქიდან თავშალმოხვეული ქალი ჩამოდიოდა.

მსახიობები იქვე იყვნენ და გამწარებული ბებია, რომელიც მზად იყო, ის “რუსი” ქალი გაეწეწა, ძლივს შეაჩერეს. უცებ ლუბას გული ცუდად გაუხდა და იქვე ჩაიკეცა. მსახიობები შეშინდნენ, რადგან მათი ხუმრობა კინაღამ ცუდად დამთავრდა. ამ დროს ვითომ რუსმა ქალმა თავშალი გადაიძრო და მსახიობი კაცი აღმოჩნდა.

ამ ხმაურში თურმე ბაბუამ გაიღვიძა და, როცა გაიგო, რაც მოხდა, მსახიობებს უსაყვედურა: ,,გასართობად სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ? ამას რომ რამე მოსვლოდა, დაგხოცავდით ყველას!”. იპო თავისი მეუღლის გამო მართლაც ყველაფერზე წავიდოდა.