ეკა მამალაძე: ,,ბევრს ჰგონია, ნანის გამო ყველაფერი ადვილად მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი”
ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა

ეკა მამალაძე: ,,ბევრს ჰგონია, ნანის გამო ყველაფერი ადვილად მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

დღეს, 21 ივლისს ქართული ესტრადის ვარსკვლავი, ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა. ,,ბევრ რამეში ჩემზე თანამედროვეა”, _ ამბობს ქალბატონი ნანის ქალიშვილი, მომღერალი ეკა მამალაძე ,,სარკესთან”. გთავაზობთ ამონარიდებს ,,სარკის” ინტერვიუდან, სადაც ეკა დედაშვილობასა და ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს:

-აღარ მინდა აუხდენელ ოცნებებზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი. ბევრს ჰგონია, დედაჩემის გამო ყველაფერი ადვილად მოდიოდა ჩემთან, სინამდვილეში კი, როცა ხარ ნანის შვილი, რთულია, რადგან სულ მას გადარებენ. ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება გიწევს, ვიდრე სხვას, რადგან ჯერ ნანის სახელს უნდა გაუფრთხილდე და შემდეგ შენი სახელითაც უნდა თქვა სიტყვა. ნანის არაეთხელ უთქვამს, ალბათ მე ხელს უფრო გიშლი კარიერაში, ვიდრე პირიქითო.

ახლა ნატალიაც იმ ეტაპს გადის, რა ეტაპსაც წლების წინ მე გავდიოდი, მაგრამ მან კლასიკური ვოკალი აირჩია და იქ მეტი გასაქანი აქვს.

– კოლეგებისგან გულისტკენა გამოგიცდიათ?

– როგორ არა, მაგრამ წყენა იმ წუთში გამდის. ყველა სიტუაციაში ვცდილობ, მოვძებნო ახსნა, ეს რატომ გააკეთა. თანაც დედაჩემი მყავს სახლში, რომელიც ყოველთვის მამშვიდებს. არ ყოფილა შემთხვევა, გაბრაზებული ან ნაწყენი მივსულიყავი სახლში და მას უფრო გაემძაფრებინოს ჩემი ემოციები, პირიქით, მეტყვის ხოლმე, კარგი, რა, არ ღირს ნერვიულობა, ნახე, მიხვდება ყველაფერს და აუცილებლად ინანებსო.

– როგორია დღეს თქვენი და ქალბატონი ნანის ურთიერთობა, რა ფაზაა თქვენს დედაშვილობაში?

– დღეს უფრო მზრუნველი შვილი ვარ, ვიდრე ადრე. თვითონ ხუმრობს კიდეც, დედასავით მივლიო. ჩვენ ძალიან გვიყვარდა მოგზაურობა, ბოლო დროს ნანის ცოტა ეზარება, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ.

– ალბათ არასდროს შეგეშინდებათ 80 წლის გადაბიჯების, რადგან სახლში დედის სახით ბრწყინვალე მაგალითი გყავთ, როგორ შეიძლება იცხოვროთ ამ ასაკში.

– მე თვითონ მიკვირს ხოლმე ნანის გამოსვლების საზოგადოებაში. ჩემი სტიმულია და ალბათ მაგიტომაც არ მეშინია არანაირი ასაკის. ნანის ვერ ნახავთ სახლში დაუვარცხნელს და მოუწესრიგებელს. დილით რომ ადგება, სანამ არ მოწესრიგდება, არც შემოგხედავს. ჩემთანაც სულ იპრანჭება. ჩემგანაც ითხოვს, რომ სულ მოწესრიგებული ვიყო. ხანდახან ნერვებსაც კი მიშლის მისი შენიშვნები, რომ უმაკიაჟოდ და ,,უპამადოდ” სახლიდან არ გავიდე. გლობალურ თემებში ყოველთვის გახსნილია და მოგყვება ბოლომდე, ყოფით საკითხებში კი ხშირად აქვს თავისებურებები და ბევრი შენიშვნა იცის.

ბევრ რამეში ჩემზე თანამედროვეა, უყვარს მუსიკალური ექსპერიმენტები.