,,დაიკეტა ბანკები, ფოსტა, სასწრაფო 2-5 საათი იგვიანებს, 4 პაციენტი მე გადავიყვანე კლინიკაში”
რა ხდება გერმანიაში

,,დაიკეტა ბანკები, ფოსტა, სასწრაფო 2-5 საათი იგვიანებს, 4 პაციენტი მე გადავიყვანე კლინიკაში"გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას 10-ზე მეტი ემსხვერპლა, ათობით პირს კი მაშველები ეძებენ. წყალდიდობა რეკორდული ნალექის შედეგად მდინარეების ადიდებამ გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა კი სახლები წაიღო. გარდაცვლილთა შორის არიან მეხანძრე-მაშველებიც. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მეხანძრე დაიხრჩო, ერთი კი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.

გერმანიაში მცხოვრები ექიმი,  იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქში წერს: ,,ამ აწყობილ გერმანიაში 2 დღე იწვიმა და კატასტროფაა. მდინარის ხეობები დაიტბორა, კანალიზაციები გადაივსო, ქალაქი ვუპერტალი ერთი დიდი ხეობაა და არა მარტო ვუპერი, არამედ ყოფილი მდინარეები, რომელთა სახელიც კი დაავიწყდათ და 30 წელია მათ ყოფილ კალაპოტს წყალი არ უნახავს, დაიტბორა.
პატარა კინკილა მდინარეები, რომელთა სიღრმე მაქსიმუმ 50 სანტიმეტრი იყო 5,5მეტრამდე აიწია.
ბანკები და ფოსტა დაიკეტა, ფულს ვერ აიღებ.
ქალაქში 20-მდე ქუჩას შუქი არ აქვს, დაახლოებით 20-დან 30 ათასამდე ადამიანს და აქედან ბევრია, რომლებსაც ჟანგბადი 24 საათი ესაჭიროება.
სასწრაფოს გამოძახებას მინიმუმ 2-დან 5 საათამდე უნდა და გარკვეულ ქუჩებში ვერც კი შედის.
გუშინ საღამოს და ღამით ჩემი საკუთარი მანქანით 4 პაციენტი გადავიყვანე საავადმყოფოში ჟანგბადის უქონლობის გამო, რამდენიმე ნათესავთან გადავიდა, იქ, სადაც შუქი აქვთ.
და ეს ყველაფერი 2 დღიანი წვიმის მერე.
ერთერთი პაციენტი, რომელიც ნათესავთან გადავიდა 96 წლის ქალბატონია, არასოდეს სხვაგან არ უცხოვრია და ამგვარი წყალდიდობა არ ახსოვს. წვიმები აქ ყოველთვისაა და თავი სამტრედიაში მგონია, მაგრამ 2 დღე ვედროდან ასხამდა წყალს და ამგვარი რამ ამინდის ინფორმაციის დოკუმენტაციის მანძილზე ჯერ არ დაფიქსირებულა.
ახლა ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არაა ადამიანის უტვინო ქმედებების თანაშედეგი, ვთხოვდი, რომ გაეცნოს სტატისტიკას.პრობლემა ის კიარაა, რომ სადმე ცუნამია ან წყალდიდობაა, ან ხანძრები ჩნდება, პრობლემაა სიხშირის დინამიკა.
ის, რომ მეტი და მეტი მიწა ბეტონირდება ახალ-ახალი მსენებლობების გამო, პატარა ნაკადულებს აშრობენ, წყლის გაშლილ ზონებს ავიწროვებენ ისე, რომ ამ ზონებთან არ ქმნიან დამცავს, აი, ესაა მიზეზი იმასთან ერთად, რასაც თანდათან გლობალური დათბობა ჰქვია”.