,,ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაგრამ არ დამცილებია, ისევ ერთად ვართ”
რუსუდან ფეტვიაშვილი ქმარს უკანასკნელ სურვილს შეუსრულებს

,,ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაგრამ არ დამცილებია, ისევ ერთად ვართ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

ის მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო, მაგრამ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც კი მის ამოუცნობ ფენომენზე ბევრს საუბრობდნენ. დაჯერება უჭირდათ, რომ პატარა გოგონას შეეძლო, შეექმნა ისეთი მისტიკური ტილოები, რომლებიც ყოველგვარ კანონებს არღვევდა და ადამიანები ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა. გამოფენებზე ფსიქოლოგებსაც იწვევდნენ, სთხოვდნენ, გაეკეთებინათ შესაბამისი დასკვნა, რამდენად რეალური იყო, რომ ეს სურათები პატარა გოგონას შესრულებული ყოფილიყო. ეს ფენომენი რუსუდან ფეტვიაშვილი გახლავთ.

მან რამდენიმე ხნის წინ მეუღლე დაკარგა – რეჟისორი თემურ ბადრიაშვილი. როგორ გრძელდება ცოცხალი კავშირი უძვირფასეს ადამიანთან, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში აღარ არის, ამ ყველაფერზე რუსუდან ფეტვიაშვილი პირველად ,,სარკესთან” საუბრობს ქმრის გარდაცვალების შემდეგ.

– თქვენს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, უძვირფასესი ადამიანი, მეორე ნახევარი დაკარგეთ, რომელთანაც ბევრი წელი გაატარეთ ბედნიერად და ამ ურთიერთობაზე ,,სარკესთანაც” გისაუბრიათ. მინდა, რომ ის წლები გაიხსენოთ.

– ჩემი მეუღლე, თემურ ბადრიაშვილი, იყო მხატვარი და რეჟისორი, უაღრესად განათლებული, ძალიან საინტერესო, მაღალი ინტელექტის და სუფთა ზნეობის. მე ასეთ მნიშვნელოვან ადამიანს არასდროს შევხვედრივარ. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მას დავწეოდი და იმ სიმაღლემდე მიმეღწია, სადაც თვითონ იმყოფებოდა.

ჩვენ 33 წელი ვიყავით ერთად. ეს იყო ყველაზე სავსე, ყველაზე ბედნიერი წლები. რა თქმა უნდა, რაღაც სირთულეები გვქონდა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ერთი ღირებულებების მატარებლები ვიყავით და ერთმანეთი ძალიან გვეძვირფასებოდა.

16 წლის ვიყავი, როცა გავიცანი, 18 წლიდან ერთად ვცხოვრობდით და ერთი დღე არ დავშორებივართ, სულ ერთად ვიყავით. სამსახურშიც, უცხოეთშიც ერთად დავდიოდით. ჩემს მშობლებთან და ახლობლებთანაც ერთად მივდიოდით და ახლაც ერთად ვართ. მართალია, ვიცი, რომ ის გარდაიცვალა, მაგრამ განცდა იმისა, რომ დამცილდა, არ მაქვს, რადგან ვგრძნობ მასთან ერთიანობას.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საყვარელი ადამიანი დედამიწაზე. ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მაგრამ ერთ ღერძზე ვბრუნავდით და ამ ღერძს სიყვარული ატრიალებდა. ჩემთვის წარმოუდგენელია საკუთარი თავის მოაზრება მის გარეშე, ამიტომ ჩვენ ისევ ერთად ვართ, ორნი – ერთი მთლიანის განუყოფელი ნაწილები.

– ხომ არ აპირებთ დააარსოთ ფონდი ან სამხატვრო სკოლა, ან გახსნათ თქვენი გალერეა?

– ჩვენ ბათუმში გვქონდა გალერეა, შემდეგ თბილისშიც. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის დროს ვეღარ მივხედე და ორივე დავკეტე. მას ჰქონდა სურვილი, გაგვეხსნა პატარა კაფე-გალერეა – თემატური, კონცეპტუალური, მყუდრო, რომელიც იქნებოდა ლამაზი ადგილი, სადაც მოვიდოდნენ თბილისელები, დალევდნენ ყავას, დატკბებოდნენ ხელოვნებით და სასიამოვნოდ გაატარებდნენ დროს. ჩემი მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად აუცილებლად ავასრულებ მის სურვილს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”