მარინა ტოტოჩავა: ,,შეიძლება ბანკში ვიღაც შემხვდეს და მივხვდე, რა წამალი სჭირდება” – ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველ ექიმ ჰაუსს და უვერცხლო მკურნალს უწოდებენ

მარინა ტოტოჩავა: ,,შეიძლება ბანკში ვიღაც შემხვდეს და მივხვდე, რა წამალი სჭირდება" - ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველ ექიმ ჰაუსს და უვერცხლო მკურნალს უწოდებენ,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ქალბატონო მარინა, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით პაციენტების ურიცხვ ლაშქარს (რომელთა შორის მეც გახლავართ). თქვენ მთელ სულსა და გულს დებთ მათ გამოჯანმრთელებაში. წინა საუკუნეებში თქვენისთანა ადამიანებს “უვერცხლოდ მკურნალები” ეწოდებოდათ, ანუ საფასურის გარეშე რომ კურნავდნენ დასნეულებულებს. ღმერთმა მადლი გაგიმრავლოთ. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის!” – წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე, ექიმის, მარინა ტოტოჩავას, ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.

მეუფის მიერ ,,უვერცხლო მკურნალად” მოხსენიებულ ექიმს სხვები ექიმ ჰაუსს უწოდებენ. ცოტა ხნის წინ მას სამადლობელი პოსტი მიუძღვნა და აღმოჩენა უწოდა “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ. “ჩემო მფარველო ანგელოზო და გადამრჩენელო”, – დაწერა მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა ექიმის პირად გვერდზე…

მარინა ტოტოჩავა სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს სხვადასხვა დაავადების დეტალურ აღწერას და გამომწვევ მიზეზებს. მისი გვერდის უამრავ გამომწერს კი უნიკალურ რჩევებს აძლევს. პაციენტები წერენ, რომ უამრავ ექიმთან სიარულით იმედგადაწურულებს მან დაუბრუნა ახალი სოცოცხლე.

ქალბატონ მარინას განსხვავებული ჩაცმულობა და სტილი აქვს. ამბობს, რომ ეს მისი ერთგვარი პროტესტია რეგრესის წინააღმდეგ, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციებში აწყდება. დედა ცნობილი ექიმი ჰყავდა, თვითონ ერთი ვაჟის დედაა. არ უნდოდა, მისი შვილიც ექიმი ყოფილიყო და ამის მიზეზებზე თავად გვიამბო.

მარინა ტოტოჩავა: დედაჩემი ცნობილი ექიმი იყო. ოჯახში სულ ის მესმოდა, ამას რა გავუკეთოთ, იმას რითი დავეხმაროთ, ის როგორ გადავარჩინოთ, იმას რა ვაჭამოთო… ჩემი ოჯახი მუდამ განწყობილი იყო, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება გაეადვილებინა. დედა გასამრჯელოს არავითარ შემთხვევაში არ აიღებდა არც მძიმედ დაავადებულისგან, არც ღარიბი ადამიანისგან და არც ნაცნობისგან. ექიმობა ჩემთვის გზა და საშუალებაა ადამიანების თანადგომისა და დახმარებისთვის.

ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი ტანჯვას განიცდის. ყველაზე ბედნიერი და სრულყოფილი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როდესაც სხვას ეხმარება და უადვილებს ცხოვრებას. სხვისი თანადგომა ყველა სრულყოფილად ზნეობრივი ადამიანის სულიერი ფორმულაა.

ჩემთვის პაციენტი არ არის – “გადაუგდე რეცეპტი”. ჩემთვის თითოეული პაციენტი უდიდესი პასუხისმგებლობაა უფლისა და ჩემი მეობის წინაშე. ადამიანის სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. მთელი ორგანიზმი უნდა განიხილო და არა – ერთი ლოკალური დაავადება, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს.

ადამიანი ერთი სისტემაა და არ არსებობს ერთი ორგანოს დაავადება. როცა რაღაც ავადდება, იქ აუცილებლად სხვა ორგანოებიც არიან ჩართული. ჩემი მკურნალობის სტილი კარგ და ხანდახან გასაოცარ შედეგებს იმიტომაც იძლევა, რომ მთლიანად განვიხილავ იმ ადამიანს, გენეტიკური ჯაჭვის შესწავლიდან დაწყებული, მისი ფიზიოლოგიის ყველა პათოლოგიური შტრიხის გათვალისწინებით.

ყველა რეაქცია ტვინში უნდა გაატარო, მით უმეტეს, იმიტომ, რომ დღეს დაავადებებმა მუტაცია განიცადეს, სახე იცვალეს და სრული სიმპტომოკომპლექსით არ არიან გამოხატული. ლატენტური და მიმალული გახდნენ დაავადებები. საოცრებები ხდება რეაქციებიდან გამოვარდნილი კომპონენტების შევსებით. ჰორმონებიც კი ნორმას უბრუნდებიან ქიმიური წამლის გარეშე, თუ საჭირო ნივთიერებებით შეავსებ ორგანიზმს.

– უამრავი ცნობილი ადამიანი გიწერთ საჯარო მადლობას…

– არასოდეს განმისხვავებია ადამიანები რანგის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მიყვარს ადამიანები და მაზოხიზმამდე მისული უამრავი თავგანწირვა მაქვს ჩადენილი ჩემი წამლით, ჩემი საკვებით.

თანამდებობის პირები, მსახიობები, მომღერლები არიან ჩემი პაციენტები და მეგობრები ხუმრობით ვარსკვლავების ექიმს მეძახიან, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ღარიბ-ღატაკი ადამიანია, რომელსაც ნამდვილად ვჭირდები. ქუჩაში “ბომჟებს” ველაპარაკები, ვეკითხები და ვეხმარები, რაც შემიძლია. ფულის სუნზე არასოდეს ავკანკალებულვარ. ბედნიერი ცხოვრების არსი ადამიანების სიყვარულსა და თბილ ადამიანურ ურთიერთობებშია. სნობიზმის მოძულე ვარ.

– უამრავი საყვედური ისმის ექიმების მისამართით. უცოდინრობას, საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვას სწორედ ადამიანობის დეფიციტი ემატება.

საბედნიეროდ, ყველა ექიმი ასე არ არის. ნამდვილად გვყავს აკადემიური და გულიანი ექიმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიღაც სნობები აფუჭებენ მთლიანად ექიმის სახელს. სიტყვა კლავს და სიტყვა არჩენს და მთავარი სწორედ კარგი განწყობისა და სიყვარულის მიცემაა. გულით თუ არ მიუდგები, თბილი აურით თუ არ შეხვალ, რაც უნდა აკადემიურად იყო განათლებული მედიცინაში, ვერასოდეს მოარჩენ პაციენტს. ხშირად არჩენს სიყვარული და ადამიანობა და არა – ქიმიური წამალი.

მე პედიატრიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დარგის კვალიფიკაცია მაქვს ამაღლებული და თან უამრავჯერ. უამრავი სამეცნიერო ნაშრომი მაქვს გაკეთებული. ადამიანი ერთი სისტემაა და სასაცილოა, მარჯვენა და მარცხენა ყურის ექიმი რომ სხვადასხვაა. პაციენტმა მომიყვა, კარდიოლოგმა მიყვირა, სხვა ჩივილებს ნუ მიყვები, მხოლოდ გულზე რა ჩივილებიც გაქვს, ის მითხარიო. შე ოჯახაშენებულო, ის გული ხომ იმ ორგანიზმშია, რომელსაც მკურნალობა უნდა დაუნიშნო?!

არ შეიძლება ადამიანის მკურნალობა ლოკალურად. მთლიანად უნდა გაიაზრო ადამიანი – ფსიქიკა, ფიზიოლოგია. მორყეული ფსიქიკა არღვევს ფიზიოლოგიას. დადგება დრო და სულ სხვაგვარი მკურნალობა დაიწყება ფსიქიკური დაავადებების გამო. ნევროზების დროს ტრანკვილიზატორების დანიშვნის პრაქტიკა აუცილებლად შეიცვლება, რადგან ყველა ფსიქიკური დაავადება ფიზიოლოგიაში პრობლემას ნიშნავს.

პაციენტთან ისეთი განწყობით შევდივარ, რომ თვითონ მიყვება ყველაფერს და ის ფსიქოლოგიური პრობლემები თუ არ გაიაზრე, მხოლოდ ქიმია შერჩება ხელში. ფიზიოლოგია ანგრევს ფსიქოლოგიას და ფსიქოლოგია ანგრევს ფიზიოლოგიას. ეს არის წრე, რომელიც ადამიანს აზიანებს და, სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის.

ჩემი აზრით, სამედიცინო ლიცენზიას თითოეული ექიმი ყოველ წელს უნდა იღებდეს. ალბათ ბევრ კოლეგას არ მოეწონება ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს ისეთი დარგია, მთლიანად გადაშვებული უნდა იყო ამ სფეროში როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ენერგიით. ეს არის დარგი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და მე ბუნების შეცნობას ვადარებ.

– სოციალურ ქსელში კონკრეტულ დაავადებებზე გვიყვებით დაწვრილებით და რჩევებს გასცემთ.

– ვიღებ ისეთ დაავადებებს, რომლებიც სტატისტიკურად მეტია ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ინტოქსიკაციის დროს რომ შეიძლება ინსულტი განვითარდეს, მედიცინის წიგნებში არაა გამოკვეთილი. ეს კი იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ სანაღვლე გზებია გასაწმენდი.

უკონტროლო დროში ვცხოვრობთ. პროფილაქტიკური მედიცინა ჩამორჩენილია. უბნის თუ პოლიკლინიკის ექიმმა მხოლოდ იმ ჩივილზე კი არ უნდა დანიშნოს წამალი, რითაც მიმართავს პაციენტი… ხელფასი იმიტომ კი არ გეძლევა, რომ გასინჯო და გაატარო… უნდა იცოდე, ადამიანს რა ვიტამინი, რა ფერმენტი აკლია, როგორი ცხოვრება აქვს. ასეთი დანაკლისების შევსებაა ჩემი მაგისტრალური ხაზი და ორგანიზმის გაწმენდა.

ადამიანი ხშირად სავსეა სოკოებით, პარაზიტებით, იმას რომ კიდევ 15 წამალს დაამატებ და ქიმიურ ომს ატეხ ორგანიზმში, რა შედეგს მიიღებ?! დეტოქსიკაციით და სხვადასხვა ნივთიერებების შევსებით ისეთი შედეგი დგება, რომ ჰორმონებიც ნორმას უბრუნდება.

– ფიზიკურადაც ეტყობა ადამიანს, რა მინერალი და ვიტამინი აკლია თუ ანალიზებია აუცილებელი?

– ბავშვობაში გვაოცებდა, მაგალითად, შერლოკ ჰოლმსი რომ აღწერდა, ასეთი კანი აქვს, ომშია ნამყოფი და ეს დაავადება აქვს გადატანილიო. გვაოცებდა, ჰიპოკრატემ რომ აღწერა ინტოქსიკაციის შემდგომი ჰაბიტუსი: ცხვირი – დაწვრილებული, ლოყები – ჩავარდნილი… აკადემიურ მედიცინაში ვინც ერკვევა, ეს აღარ უკვირს.

შეიძლება ვიღაც ბანკში შემხვდეს და მივხვდე, რა წამალი სჭირდება. იმდენ რამეზე გვესაუბრება თმის სითხელე, დრეკადობა. ყურების ნიჟარებით შეიძლება გენეტიკური დაავადებები გამორიცხო. სახის კანის მდგომარეობა ხომ საოცრებაა. თვალის ფსკერი უნდა ნახო აუცილებლად, რადგან ყველა ორგანოს თავისი კაპილარი შეესაბამება. ბევრჯერ ბაზარში თუ ბანკში მიმიცია ადამიანისთვის დანიშნულება. ცხოვრებაა ისეთი, ადამიანებს არ აქვთ საშუალება, აკადემიური ანალიზები გაიკეთონ და იძულებული ხარ, ასეთი ფორმით დაეხმარო.

– ნიკა გვარამიამ მოგიძღვნათ დიდი პოსტი, აღმოჩენა გიწოდათ და გწერდათ, მთელი ჩემი ანალიზებით მოვდივარ თქვენთანო… მასაც უმკურნალეთ?

– ექიმი პაციენტზე არასოდეს ლაპარაკობს, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. გვარამიაზე იმას გეტყვით, რომ ზეპროგრესული ადამიანია. სრულიად ჯანმრთელი და 200 წელი იცოცხლებს.

– შაკიკი რომ აქვს, თავადაც ხშირად უთქვამს საჯაროდ და მათ შორის – ჩვენთან ინტერვიუს დროსაც.

– მოურჩება აუცილებლად! ყველა ინტელექტუალს აქვს თავის ტკივილი.

– შაკიკი მოურჩება? როგორც წესი, მოურჩენელ სენად ითვლება.

– გაჩვენებთ ადამიანებს, რომლებსაც მოურჩა შაკიკი. ტვინი როცა ძლიერია, ყველა დაავადება მორჩება. საერთოდ ყველა დაავადებას ტვინი ლიდერობს. უბრალოდ ეს ადამიანი გადაღლილი და დაქანცულია.

ზოგადად, შაკიკი 85%-ში გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა და, ხანდახან ნევროლოგები რომ წერენ ორგვერდიან დანიშნულებას, არაა სწორი სტრატეგია. ამ დროს უნდა განიხილო თავის ტვინი ყველა დეტალით და გულსისხლძარღვთა მთელი სისტემა. ჩვენთან ძალიან ცუდი ტენდენციაა ის, რომ თუ სიმსივნეს არ დაინახავენ, ეუბნებიან, არაფერი გაქვსო. ყველა პატარა დეტალი უნდა ამოიკითხო. ყველა პატარა დეტალი გესაუბრება გარკვეულ ნერვკუნთოვანი გადაცემის შეზღუდვასა და პრობლემაზე. ამიტომაც უნდა დეტალური განხილვა.

– შვილი თქვენს გზას გაჰყვა?

– საბედნიეროდ, არ გაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ თავგანწირული ვარ ჩემი პროფესიის გამო, თავი დამიზარალებია, ძალიან მიყვარს, იმდენად დიდ, არანორმალურ ენერგიას ითხოვს, იმდენად ვიქანცები, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ნამდვილად არ გავხდებოდი ექიმი. ვიღაც კინოში მიდის, ვიღაც – დაქალთან, მე კი ვზივარ და სახლში ვმეცადინეობ, ახალ მასალას ვეცნობი, პაციენტების ანალიზებს ვათვალიერებ, დანიშნულებას ვწერ. ცხოვრება კი ხანმოკლეა. მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ გზას არ დაადგა.

– როგორია თქვენი თვალით დანახული კოვიდ-19?

– ამაზე ცუდი ვირუსები ყოფილა ჩვენთან. ხალხმა უნდა ისწავლოს ჰიგიენა და ჯანმრთელობის პროფილაქტიკა. ეს ვირუსი ურთულდება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ჯანსაღი ფილტვები. ანთებადი ფილტვით დადის ნახევარი საქართველო და სულ ამას გავიძახი. ნახავენ რენტგენს და ეუბნებიან, არაფერიაო. არადა ისეთი ანთებებია – ანთებას ვგულისხმობ და არა  პნევმონიას, ვერც ექიმი რომ ვერ ისმენს და არც რენტგენზე ჩანს. ფილტვებს თუ მივხედავთ, არავინ მოკვდება ამ ვირუსით. ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა ფილტვების მოცარტი მიწოდა. ფილტვების ყველა ტიპის ანთება მუსიკალურად გამოვიცანი. ანუ, ფილტვის სხვადასხვა ანთების დროს სუნთქვას მასმენინებდნენ და მე ყველა შემთხვევა გამოვიცანი.

თრომბიც იმიტომ ჩნდება, რომ ორგანიზმი გარკვეული ნივთიერებების ნაკლოვანებას განიცდის. მაგალითად, გემოს და ყნოსვას რომ კარგავს ადამიანი, ეს კოვიდის დამახასიათებელი კი არ არის, ეს არის თუთიის ნაკლებობის ნიშანი. მოხუცებს კოვიდი სულ არ აქვთ, გემოს და ყნოსვას რომ კარგავენ და ეს თუთიის დაცემის ნიშანია.

ჩემი პაციენტები ადვილად იმიტომ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, რომ შევსებული იყო მათ ორგანიზმში ყველა დანაკლისი, რაც ჰქონდათ და არც ერთს გართულებია. ხალხს ვიტამინები და თევზის ქონი მაინც დაურიგონ, ეს კომუნისტების დროსაც კი გვირიგდებოდა. ახლა ამდენ ფულს ხარჯავენ და რა არის პრიორიტეტი, არ იციან. ასე შეიძლებოდა უფრო ადვილად გადაეტანა ხალხს ეს ვირუსი.

– ვისაც უნახიხართ, ყველამ იცის, როგორი განსხვავებული სტილით, ერთი შეხედვით, ეპატაჟური ჩაცმულობით გამოირჩევით, რაც ერთგვარ პროტესტს უფრო ჰგავს თქვენი მხრიდან.

– დიახ, ჩემი ჩაცმულობა პროგრესულია და ზუსტად იმ ჩამორჩენილობისა და რეგრესის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო რეაქციაა. პირსინგი – ეს ხომ მძივია?! ზოგს 7 საყურე უკეთია და ამას ადგილი აქვს გადმონაცვლებული. რეგრესული ადამიანები ადგილის და აზრების გადანაცვლებას ვერ იტანენ. ეს არის რეგრესული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო რეაქცია.

პროგრესული ჩაცმულობაა და ეპატაჟურ-არაორდინალურად სულ არ მიმაჩნია. მე რომ ვარცხნილობა გავიკეთე 20 წლის წინ, ვინც მაშინ დამცინა, ახლა, 20 წლის მერე თავად გაიკეთა იგივე ვარცხნილობა, ანუ ის არის რეგრესული და საერთოდ, დროში ჩამორჩენილები ეფექტებს აფექტურად აღიქვამენ.

ჟურნალ ,,სარკეში” იბეჭდება მარინა ტოტოჩავას უნიკალური რჩევები.