ჯემალ ჭკუასელმა ეს ტრაგედია წინასწარ იგრძნო – ცნობილი ლოტბარის განსაცდელი და დიდ სიყვარულთან გამოთხოვება

ჯემალ ჭკუასელმა ეს ტრაგედია წინასწარ იგრძნო - ცნობილი ლოტბარის განსაცდელი და დიდ სიყვარულთან გამოთხოვება,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

ანსამბლ ,,ერისიონის” ყოფილი ხელმძღვანელი, ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი, 18 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე სამუდამოდ დაემშვიდობა თავის დიდ სიყვარულს, გიული ჭულუხაძეს, რომელთანაც 65 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა. ბატონ ჯემალს 86 წლის ასაკში გამოეცალა საყრდენი, რომელიც ყოველთვის ზუგრს უმაგრებდა, შვილებს, შვილიშვილებს უზრდიდა და დიდ ოჯახს პატრონობდა.

,,ორი კვირის განმავლობაში ჭკუასელების ოჯახი კლინიკაში კოვიდ-19-ზე მკურნალობის კურსს გადიოდა. ჯემალი, გიული, მათი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი ერთდროულად გადაიყვანეს კლინიკაში. ქალბატონ გიულის უკანასკნელი პერიოდი ისედაც მძიმე ჰქონდა, წლები სიმსივნეს ებრძოდა. გასული წლის ბოლოს ინფარქტიც გადაიტანა. ჰოდა, დასუსტებული, ნაავადმყოფარი ორგანიზმი კორონავირუსს ვეღარ გაუმკლავდა.

ვისაც უნდა ჰკითხოთ, მაგალითად მოიყვანენ მათ ოჯახს. ჯემალმა და გიულიმ 65 წლიანი თანაცხოვრება სულ სიყვარულში გალიეს, არაჩვეულებრივი წყვილი იყო.

საოცარია, ბატონმა ჯემალმა პალატიდან გაყვანილი მეუღლის გარდაცვალება იგრძნო და შვილიშვილს გურული პირდაპირობით ჰკითხა  _ მითხარით, დაიღუპა და მიმალავთო…”, _ დაწერა ჟურნალისტმა, მაია კახიძემ, სოციალურ ქსელში.

_ როცა მეკითხებიან, სიმღერა თუ იციო, ნაკლებად-მეთქი, ვპასუხობ. ხალხური მუსიკის მთლიანად გამოცნობას, მიხვედრას ჩემი კი არა, ძალიან ნიჭიერი კაცის ორი ცხოვრება არ ეყოფა. ქალი? ქალი მე კი არა, ბაირონმა ვერ შეიცნო. ის ძნელი გამოსაცნობია, _ უთხრა ბატონმა ჯემალმა ,,სარკეს” ერთ-ერთ ინტერვიუში. სამაგიეროდ, არ გასჭირვებია იმ ერთადერთი ქალის ,,გამოცნობა”, რომელიც პირველად თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ნახა.

ბატონი ჯემალი და ქალბატონი გიული თავიანთი სიყვარულის ამბავს იხსენებენ წიგნში ,,ჯემალ ჭკუასელი”.

ჯემალ ჭკუასელი წიგნში ყვება:

_ ნამდვილი სიყვარული თბილისში მეწვია. დეიდაჩემი ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდა, მასთან ვცხოვრობდი მეც. ჩემი გიული ამ ქუჩაზე დავინახე. პირველად რომ შევამჩნიე, მომეწონა. ერთხელ ზაურ ბოლქვაძემ მომაკითხა, კახეთში მივდიოდით საქეიფოდ. მაშინ მე 22 წლის ვიყავი, გიული მეცხრე კლასში იყო.

გამოვიდა გიული და განგებ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი. კარაქის საყიდლად, გასტრონომშიო. გამოვყევით ჩელუსკინელებს, ავედით ვაკეში, მრგვალ ბაღთან. შენ არსად არ ხარ წამსვლელიო, მითხრა ზაურმა და მიმატოვა… წავედით ზაჰესში. იქიდან დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება და დიდი სიყვარული.

გიული ჭულუხაძე: ზაჰესში ჯემალის ბიძა ცხოვრობდა. ვუთხარი, რა გინდა ზაჰესში, კარაქი მაქვს საყიდელი, დედა მელოდება-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიგდო ყური და მეც აღარ ამიტეხავს კივილ-კივილი.

ჩემზე განაწყენებული ოჯახი დაგვადგა თავზე და კატეგორიულად მომთხოვეს სახლში დაბრუნება. მე ვიუხერხულე, უარი ვთქვი და ასე შევრჩით ერთმანეთს მე და ჯემალი. ჩემმა ძმამ, რომელიც ჯემალთან მეგობრობდა, პროტესტის ნიშნად მთელი ჩემი ტანსაცმელი დაჭრა და დაკუწა. ჩემი ოჯახი არ მელაპარაკებოდა.  დედა მაშინ შემირიგდა, უფროსი შვილი, ედიშერი, სამი თვის რომ მყავდა.

შვილები მე გავზარდე იმიტომ, რომ ჯემალი სულ წასული იყო, ბავშვები კარგად არ ცნობდნენ. ერთხელ პატარა ეკა დგას კართან და ტირის, მამიკო მინდაო. კარი გაიღო და კაი ხნის დაკარგული მისი მამიკო შემოვიდა. აიყვანა ხელში და რა გატირებსო, ეუბნება, ეფერება.  მამიკო მინდაო, პასუხობს ეკა.

შვილებისთვის არაფერი მომიკლია _ სკოლა, წრეები, ცეკვა, სიმღერა, მუსიკა… ამით ვედექი მხარში ჯემალს. ყველა მის მეგობარს ჩვენი ოჯახისკენ მოუწევდა გული. შეიძლება ყველი და პური გვქონოდა და მაინც ულამაზეს საღამოებს ატარებდნენ. ამ სახლში ვინ არ ყოფილა, ვის არ უმღერია. უბანს არ ეძინა, ფანჯრები იხსნებოდა და ამათ ლხინს დილამდე იზიარებდა.

ერთხელ ბატონ ჯემალს ,,სარკემ” ჰკითხა, რას ვერ აპატიებდა ქალს.

_ პირდაპირ ვიტყვი _ ღალატს! არის კიდევ რაღაც-რაღაც დეტალები, რასაც არც ქალს ვაპატიებ და არც კაცს. ეს უკვე ინდივიდუალურია და არ ჩავუღრმავდეთ. რაც შეეხება ღალატს, ღმერთმა დამიფაროს, ვთქვა, კაცი თუ ცოლს უღალატებს სხვაა, არაფერია, ცოლისგან ღალატი კი საშინელებაა-მეთქი. რატომ არის კაცის ღალატი სხვა? ასე არ არის.

ისეთი ცხოვრება მქონდა, ცოლი რომ გამშორებოდა, არ გამიკვირდებოდა. რამდენად გადავიტანდი ამ ამბავს, ეს უკვე სხვა თემაა. დღე და ღამე სამსახურში ვიყავი. ჩემი ცოლი ყველაზე დიდი ადამიანია ჩემთვის და ქალის იდეალიც. როგორც წარმომიდგენია ქართველი ქალი _  ერთგული, მეოჯახე, სამშობლოს მოყვარული, შვილების აღმზრდელი და ა.შ. ყველაფერია ჩემს მეუღლეში.

მოცეკავვე იყო, ცოლად რომ მოვიყვანე და ყველაფერს თავი დაანება. ბავშვების გაზრდა მთლიანად მას დაეკისრა. ოპერის გიჟი იყო და ახლაც ასეა. იქაც კი ვეღარ დამყავდა, ისეთი დაკავებული ვიყავი. ახლაც ვერ ვახერხებ მასთან ერთად ოპერაში სიარულს, _ უთხა ჯემალ ჭკუასელმა ,,სარკეს”.

ცნობილი ლოტბარი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება:

_ ერთხელ პატარა ეკა ბრაზობდა, მამაჩემი სად არის, სულ არ მოდის სახლში, სხვისი მამები სულ სახლში არიან და შვილებს ყველგან დაატარებენო. ამ დროს კარი შევაღე, ბავშვმა შემომხედა და აყვირდა, დედიკო, მამა მოვიდა, იქნება ცოტა ხანს ჩვენთან და მერე თავის სახლში წავაო…  რომ ამბობენ, ოჯახში ყველაფერი ქალიაო, ამ გამოთქმას არა მხოლოდ ვეთანხმები, ხელს მოვაწერ სასიკვდილოდ! ქალი ყველაფერია ოჯახში _ დედაც, მამაც, ბიძაც, საყვარელიც კი… ერთ თვეს რომ ქალს არ ნახავ, საყვარელია, აბა, რა გამოდის?!

ჩემმა მეუღლემ მთელი ცხოვრება თავი გადადო, საოცარი ქალია და ძალიან მიყვარს! როცა შევირთე, მაშინ რომ მიყვარდა, ზუსტად ისე ვარ და შეიძლება უფრო მეტადაც კი.

ბატონ ჯემალს და მის ოჯახს ვუსამძიმრებთ ამ დიდ დანაკარგს.