მერაბ თავაძე: ,,ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა”

მერაბ თავაძე: ,,ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა",,სარკე”

მსახიობი და რეჟისორი მერაბ თავაძე ,,სარკესთან” იმ დღეებს იხსენებს, როცა მეუღლესთან, მსახიობ იზა გიგოშვილთან ერთად პილიგრიმობის გზას დაადგა და წმინდა მიწა მოილოცა:

– 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ იზამ გამოგვიცხადა, ეტყობა, ქართველებს დიდი ცოდვა გვაქვს, ამიტომ ფეხით უნდა ჩავიდე იერუსალიმში და უფლის საფლავი მოვილოცოო.

ერთ დღეს იზა აღელვებული დამხვდა, მითხრა, აივანზე ვიდექი და დავინახე, ცაზე ვარდისფერი მანდილი მოფრინავდა, ვიფიქრე, მომეჩვენა, ახლა სახლის მეორე მხარეს აივანზე გავედი და იქაც იგივე მანდილი დავინახე, ეს არის ზეციური ნიშანი, აუცილებლად უნდა წავიდე იერუსალიმში, თქვენ ვერ დამიშლითო.

ჩვენმა შვილმა, ნიკამ თქვა, წავიდეთ და ფილმიც გადავიღოთო… 5 თვე გავატარეთ გზაში, დღეში 25 კილომეტრს გავდიოდით. გვეძინა მიწაზე, წვიმაში, ქარში, მზეში. ზოგჯერ გვწყუროდა, ზოგჯერ გვშიოდა, მაგრამ არავის დაუწუწუნია.

გადავიღეთ მთელი გზა, ისტორიული ძეგლები. ბევრი ძეგლი გავწმინდეთ. ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა – ომი სირიაში, ტერაქტი ეგვიპტეში. მივდიოდით წინ და ხშირად უკან ვბრუნდებოდით, ვიცვლიდით მარშრუტებს. როგორც იქნა, ჩავაღწიეთ ისრაელში.

შემდეგ კაცები სინას მთაზე გავემგზავრეთ. იქ გადაღება კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ მე მაინც შევაპარე პატარა ვიდეოკამერა და ჩუმად დავიწყე გადაღება. მოხდა საოცრება – კამერა არ ამუშავდა. შევამოწმე აკუმულატორი, ყველაფერი რიგზე იყო, კამერა კი არაფერს იღებდა. სინას მთა რომ დავტოვე, კამერა ამუშავდა.

– თქვენი ცხოვრება შეცვალა ამ მოგზაურობამ?

– ნამდვილად. ის მერაბ თავაძე უკან დარჩა ცოტათი ბოჰემური ცხოვრებით, შეხედულებებით, სიფიცხით, სიმსუბუქით, სიჯიუტით. ახლა სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში – ღვთის სიყვარულით, სიმშვიდით სავსე.