მძიმე პანდემიის შემდეგ იტალია გიორგი გაგნიძეს მოუსმენს – 7 სპექტაკლი ნეაპოლის სახელგანთქმულ სან-კარლოს თეატრში

მძიმე პანდემიის შემდეგ იტალია გიორგი გაგნიძეს მოუსმენს - 7 სპექტაკლი ნეაპოლის სახელგანთქმულ სან-კარლოს თეატრშიმძიმე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი წელია, მსოფლიოს თითქმის ყველა საოპერო თეატრი დაკეტილია და ვერ მართავს წარმოდგენებს. ბოლო პერიოდში  შემოქმედებითი ცხოვრება თითქოს განახლდა, თუმცა უმეტეს საოპერო თეატრში მხოლოდ ონლაინ სპექტკლების ტრანსლირებით, მაყურებლის გარეშე.

ნეაპოლის ულამაზეს და უძველეს საოპერო თეატრში კი 14 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება ვერდის ოპერა „ტრავიატას“ ჩვენება მაყურებლების თანდასწრებით. ბარიტონის მთავარ პარტიაზე მიწვეულია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მომღერალი, გიორგი გაგნიძე, რომელიც ჟორჟ ჟერმონის პარტიას ორ სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად 7 სპექტაკლში შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გაგნიძის პირველი სადებიუტო სპექტაკლი 2007 წელს ლა სკალაში სწორედ ვერდის „ტრავიატაში“ შედგა. დადგმას ლორინ მაზელი დირიჟორობდა. გიორგი გაგნიძეს პარტნიორობას უწევდნენ იონას კაუფმანი და ირინა ლუნგუ.

2018 წელს მან „ტრავიატა“ პარიზის ბასტილის თეატრში იმღერა ცნობილ საოპერო წყვილთან – რობერტო ალანიასთან და ალესანდრა კურსაკთან ერთად.

2019 წელს კი „ტრავიატათი“ შედგა მისი დებიუტი ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის სცენაზე. სპექტაკლს დანიელ ორენი დირიჟორობდა.

2020 წელს მან „ტრავიატა“ ბარსელონას სახელგანთქმულ ლისეოს თეატრში შეასრულა. პრემიერის შემდეგ ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა „ოპერაქტუალმა“ გიორგი გაგნიძეს ფოტო თავის გარეკანზე დაბეჭდა და სტატიაში მის მიერ შესრულებულ ჟერმონის პარტიაზე დაწერა: „გიორგი გაგნიძე გამოირჩევა საოცრად დახვეწილი ვოკალური ტექნიკით, ტემბრის სრულყოფილებით და ხავერდოვანი ჟღერადობით.“

შეიძლება ითქვას, რომ ჟორჟ ჟერმონის პარტია ვერდის „ტრავიატაში“ გიორგი გაგნიძის სავიზიტო ბარათია მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში.

ვარსკვლავური კარიერა

გიორგი გაგნიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალია, რომლიც უდიდესი წარმატებით გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე, მათ შორის _  მილანის ლა სკალას, პარიზის ბასტილის თეატრის, მადრიდის რეალის თეატრის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერას, ლოს ანჯელესის და სან ფრანცისკოს ოპერის თეატრების, ბერლინის დოიჩე ოპერას, ვენის შთაატსოპერას, არენა დი ვერონას და სხვა. 2019-2020 წლებში აღასანიშნავია მისი გამოსვლა ლონდონის კოვენტ გარდენის სამეფო საოპერო თეატრში (ჟერმონის როლში ვერდის „ტრავიატაში“), ბერლინის დოიჩე ოპერაში (ნაბუკოს პარტიაში ვერდის „ნაბუკოში“), ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში (ვერდის „ოტელოში“ იაგო), ნეაპოლის სან კარლოს თეატრში (პუჩინის „ტოსკაში“ სკარპია).

გიორგი გაგნიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიდო კონსერვატორია. 1996 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რენატოს პარტიით ვერდის „ბალ-მასკარადში“. გიორგი გაგნიძემ მოიპოვა გამარჯვებები ლეილა გენჯერის და ელენა ობრაზცოვას სახელობის ვოკალისტთა კონკურსებში. 2005 წელს გაიმარჯვა იტალიაში „ვერდის ხმების“ საერთაშორისო კონკურსზე, რომლის ჟიურის წევრებმა, ხოსე კარერასმა და კატია რიჩარელიმ მას გრან პრი გადასცეს.

გიორგი გაგნიძეს საერთაშორისო ვოკალური კარიერა გერმანიაში დაიწყო. ცნობილ ქართველ ბარიტონს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშრებს ისეთ დიდ დირიჟორებთან და რეჟისორებთან, როგორებიც არიან ჯეიმს ლივაინი, ლორინ მაზელი, ზუბინ მეტა, ფაბიო ლუისი, ჯეიმს კონლონი, პლასიდო დომინგო, ნიკოლა ლუიზოტი, დანიელ ორენი, ჯანანდრეა ნოზედა, იური ტემირკანოვი, ჯანკარლო დელ მონაკო, პიტერ სტეინი, ლილიანა კავანი, რობერტ სტურუა…

გიორგი გაგნიძეს DVD ჩანაწერებს შორის აღსანიშნავია მეტროპოლიტენ ოპერას „ტოსკა“, ლა სკალას „აიდა“ და არენა დი ვერონას „ნაბუკო”.

 

 

მძიმე პანდემიის შემდეგ იტალია გიორგი გაგნიძეს მოუსმენს - 7 სპექტაკლი ნეაპოლის სახელგანთქმულ სან-კარლოს თეატრში

 

მძიმე პანდემიის შემდეგ იტალია გიორგი გაგნიძეს მოუსმენს - 7 სპექტაკლი ნეაპოლის სახელგანთქმულ სან-კარლოს თეატრშიმძიმე პანდემიის შემდეგ იტალია გიორგი გაგნიძეს მოუსმენს - 7 სპექტაკლი ნეაპოლის სახელგანთქმულ სან-კარლოს თეატრში