მსახიობ მარინა საღარაძეს და ექსპერტ მამუკა არეშიძეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ _ ვაჟი. მათი ოჯახი წლების წინ დაინგრა. მათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნეს.
– ქალბატონი მარინა, ის, რომ ქმართან, მამუკა არეშიძესთან, გაშორების შემდეგ აღარ გათხოვილხართ, შეცდომაა?
– მერჩივნა, საკუთარ თავთან მარტო ვყოფილიყავი. მიყვარს მარტო ყოფნა, თუმცა მარტო არავინ მტოვებს. მიყვარს ჩემი სახლი, მეგობრები, ფუსფუსი. ხშირად ვუმასპინძლდები მეგობრებს, მაქვს ჩემი ტრადიციები.
ალბათ აღარ შემხვდა ისეთი ვიღაც, ვისთანაც შევქმნიდი ოჯახს. აუცილებლად ცოლის სტატუსი გქონდეს – ეს ჩემთვის უაზრობაა. საკუთარი თავის სტატუსი ვარ მე, ჩემი მეგობრები, დედა, ბუბა (კიკაბიძე, მარინა საღარაძის დედის ქმარი. რედ.შენ.), შვილი, მისი ოჯახი და თუნდაც ჩემი თაყვანისმცემლები, რომლებიც ყოველთვის მყავდა და მყავს. აბსოლუტურად არ მაწუხებს, ოჯახს შევქმნი თუ არა.
– თქვენი აზრით, ხელიდან გაშვებული შანსი ბევრია პირადში თუ კარიერაში?
– ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან. უამრავი შეცდომა დავუშვი როგორც პირადში, ასევე თეატრშიც. ცხოვრებას თავიდან ვერ დაწერ, ამიტომ ყველა ჩემი შეცდომა მიყვარს. ეს უკვე წარსულია, რომელსაც არასდროს ვუბრუნდები.
სარკის არქივი