ზურა რთველიაშვილის მეუღლე: ,,ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა _ ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო”

ზურა რთველიაშვილის მეუღლე: ,,ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა _ ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო''და თქვა, აქ ვრჩებიო. ომები მოვიგეთ. ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით. მე ის დამპირდა… დამპირდა, რომ ყოველთვის, ყოველთვის მოვიგებთ ყველა ომს და ახლა ეს პირობა უნდა შემისრულოს!

გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა ჩემი წიგნი „ალფას ვიბრაცია“, სადაც ჩვენი სიყვარულის ამბავია აღწერილი. წიგნს აწერია, რომ ეძღვნება ჩემს მეუღლეს, რომლის გარეშეც ეს წიგნი არ იქნებოდა. როცა ვწერდი, არაფრის თავი მქონდა. თავთან მეჯდა, ჩაის მიდუღებდა და წერას მაიძულებდა. ზურამ  ჩემი იწამა, დამინახა, შემიყვარა ჩემი მილიონი ნაკლით, ხუშტურებით, სისულელეებით. მისი ოცნება ჩემი სანუკვარი სურვილების ასრულება იყო, თუმცა ახლა ჩემი ყველაზე სანუკვარი სურვილი მისი ჩემ გვერდით ყოფნაა და ამასაც ამისრულებს.

ბევრი რამის გაკეთება გვინდოდა ერთად და გავაკეთებთ! ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა _ ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო, რაც ძალიან სიმბოლურია და ესეც ალბათ წინათგრძნობაა. ამ ფრაზას მიმეორებდა წიგნისთვის, რომელსაც ერთად ვწერდით.

ზურას სიცოცხლე უყვარს და სულ მეუბნებოდა, ამ სამყაროში ეს სიყვარული ყველაფრის ძალას მოგვცემსო. დიდ იმედს მაძლევს ის, რომ დედამიწის ზურგზე, მგონი, ყველაზე პოზიტიური ადამიანია. იზიდავს უზარმაზარ ენერგიას და მერე იმ ენერგიას სხვებისთვის ასხივებს.

სიკეთის გარდა ცხოვრებაში არაფერი დაუთესავს. მგონია, რომ ეს სიყვარული დიდ ძალას მისცემს, რომ კვლავ გაიმარჯვოს.

მითხრა, მე აღვდგები, ვითარცა ფენიქსი, თავს გაუფრთხილდიო. იქაც ჩემზე ფიქრობს. ბევრჯერ გავიმეორეთ ეს სიტყვები და გავუშვით კოსმოსში. ზურა სიტყვის კაცია და აღდგება, ვითარცა ფენიქსი!