,,ქმართან ხმას არ ვიღებდი, თავს არ ვშველოდი და სულ მინდა, დღევანდელმა ნინუცამ იმ ნინუცას სახეში შემოსცხოს” – რას ყვებოდა ნინუცა მაყაშვილი ,,სარკესთან”

,,სარკე”, გიორგი საკარული

მსახიობ ნინუცა მაყაშვილს ორჯერ მოუწია ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და ორივეჯერ დიდი ფიზიკური ძალების დახარჯვა მოუხდა. წარსულიდან ცუდი მოგონებების შემოტევებს თავისი მეთოდით უმკლავდება – ფეხით ყოველდღე დიდ მანძილს გადის და, როგორც ამბობს, ამით ტვინს ინიავებს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის ნაცნობია და, როგორც გვითხრა, რთულ პერიოდებში სწორედ ეს გამოადგა:

– ფეხით სეირნობა ძალიან მიყვარს. ფიქრებს და ცუდ ხასიათს ამით ვშველი. ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდა. ვვარჯიშობდი – ერთი დღე მქონდა ცურვა, ფიტნესი და მერე გადავედი კრივზე, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავი დავანებე, რადგან არანაირი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა.

— რატომ გსტუმრობენ ცუდი ფიქრები? რა მოხდა თქვენს წარსულში?

– სასწაულად რთული პერიოდი მქონდა, თან პატარა ასაკში. ბოლომდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, წარსულის ფიქრები ხშირად მაწუხებს. ცოტა ხნის წინაც მქონდა რთული პერიოდი, როდესაც თვენახევარში 21 კილო დავიკელი.

— ნერვიულობით დაიკელით?

– დიახ. დამემართა ძილქუში, არ მინდოდა ჭამა, ლოგინიდან ადგომა…

— რისგან იყო გამოწვეული ეს რთული პერიოდი?

– პირადი ცხოვრებით… რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს (ბესო ზანგური) უკავშირდებოდა და ერთი – ყოფილ შეყვარებულს.

— მეუღლესთან გაშორება მძიმე გადასატანია…

– ის პერიოდი ხმას არ ვიღებდი, თავს არ ვშველოდი და სულ მინდა, დღევანდელმა ნინუცამ იმ ნინუცას სახეში შემოსცხოს… ჩემი ყველაზე დიდი მინუსია, რომ შემიძლია ადამიანს ათასჯერ ვაპატიო.

ინტერვიუ სრულად ნახეთ ბმულზე